მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება. "კონტი ჯგუფის“ შემდეგ SSA Marine მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცემა. კომპანიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რობერტ ვოტერსი „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კომპანიის ჩართულობა პროექტში რამდენიმე მიმართულებით იქნება. ამერიკული კომპანია იქნება როგორც ტერმინალის ოპერატორი , ასევე წილის მფლობელი.
ბატონო რობერტ, რა განაპირობებს ლოგისტიკაში წარმატებას?
ანაკლიის პორტის კონტექსტში - დიზაინი და ავტომატიზებული ოპერირების სისტემა. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი რკინიგზაა - რამდენად ეფექტიანად შეუძლია რკინიგზას შეასრულოს გამტარის როლი. ეს მართლა ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ჩვენი ნაწილი - პორტის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირება, მაგრამ მას აუცილებლად უნდა დაეხმაროს გამართული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა: თუ გინდა, რომ 100 მილიონი კონტეინერი გადაზიდო ყოველწლიურად, ამისთვის ძალიან ეფექტიანი სარკინიგზო სისტემაც უნდა გქონდეს.
თანამშრომლობთ ამ თვალსაზრისით საქართველოს რკინიგზასთან და მთავრობასთან? გაქვთ მათგან გარანტიები, რომ რკინიგზა არ დაგაღალატებთ?
დიახ. მთავრობისგან მივიღეთ დაპირებები - პრემიერმინისტრის ოფისმა და საქართველოს რკინიგზამაც დაგვარწმუნეს, რომ რკინიგზას ისე გამართავენ, რომ ტვირთების მოძრაობას პრობლემები არ შეექმნას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ასეც იქნება.
ანაკლიის პორტი მსოფლიოს ყველაზე წამყვან ტერმინალებსაც კი არ ჩამოუვარდება თავისი ეფექტიანობით და პროდიუქტიულობით. თუ შეხედავთ SSA Marine-ის რეპუტაციას, ნახავთ, რომ ჩვენ გვაქვს ამ დონის პროექტების წარმატებით განხორციელების გამოცდილება. ჩვენ ყოველთვის ვეტევით დროში და ტვირთების მოძრაობა ჩვენთან ყოველთვის უსაფრთხოა. ასე არ ხდება, მაგალითად, ფოთის პორტის შემთხვევაში. პორტი უმეტესწილად დახურულია, ძლიერი ქარის და ზღვის მიქცევის გამო - შედეგად, ნდობა ფოთის პორტის მიმართ დაბალია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს სანდოობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს მიმართ ეს ნდობა აუცილებლად გაჩნდება.
ვის მოიაზრებთ თქვენს მთავარ კონკურენტებად?
რა გითხრათ. არ მგონია, რომ კონკურენტები საერთოდ გვეყოლება.
ასე ადვილია?
კონკურენციას ვიწროდ და უფრო ფართოდ შეგვიძლია შევხედოთ. უფრო ფართოდ თუ შევხედავთ. ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ტვირთს ექნება არჩევანი - ან სამხრეთის დერეფანი, შესაბამისად, საქართველო და დიდი ალბათობით სწორედ ანაკლია - ან ჩრდილოეთ დერეფანი, მაგალითად, ნოვოროსიისკის გავლით. ამდენად, ცენტრალური აზიის ტვირთებისთვის რამდენიმე კონკურენტი შეგვიძლია მოვიაზროთ. თუ საქართველოსთვის განკუთვნილ ან საქართველოს ტვირთებს შევხედავთ, მაშინ კონკურენტებად აქ ბათუმის ან ფოთის ტერმინალები ჩანან. კიდევ უფრო ფართოდ, ანაკლიის პორტის კონკურენტად შეიძლება განვიხილოთ რკინიგზაც თურქეთის ან ნოვორასიისკის გავლით.
პორტის გარდა, სხვა კომპონენტები - იგივე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ანაკლია სითი და ა.შ. რა როლი ენიჭება ამ მთლიან სურათში ანაკლიის პორტს?
ეკონომიკური თვალსაზრისით ის ძალიან დიდი სარგებლის მომტანი იქნება ანაკლიასითისთვის. ზოგადად, როდესაც ამ ტიპის პორტი გაქვს, ის ეკონომიკის ძრავი ხდება. ბიზნესი აქტიურდება, კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები ჩნდება. პროდუქტიული და ხარჯთეფექტური პორტის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პირობებში, მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალებაა. ამას თუ დავუმატებთ, რასაც მთავრობამ უკვე მიაღწია - თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროპასთან და ჩინეთთან, საქართველო საუკეთესო ლოკაციაა მეტი წარმოების და ამ დარგში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად, რადგან ინვესტორებს შეეძლებათ ისარგებლონ იმ სარგებლით რაც ევროპასთან და ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობას მოაქვს პროდუქტიული და ეფექტიანი ტრანსპორტირების პირობებში. ანაკლიაში კი მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება.
ადვილია თქვენთვის გამოცდილი ადგილობრივი მუშახელის მოძიება ბაზარზე?
საქართველოში ამ პროექტისთვის საჭირო უნარებით ბევრი ადამიანი არ მოიძებნება. ჩვენ გადავწყვიტეთ, ადგილობრივები საფუძვლიანად დავატრენინგოთ. ამ საქმეს ალბათ ოპერირების დაწყებამდე 6-9 თვით ადრე მოვკიდებთ ხელს. ისინი ყველა მიმართულებით გაივლიან ტრენინგებს.
რეფორმებიც ახსენეთ. რა გჭირდებათ მთავრობისგან - რა ტიპის მხარდაჭერა და გარემო?
პრინციპში, მხოლოდ ბიზნესის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა - მეტი არაფერი. სანამ ინვესტირებას გადავწყვეტდით, ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ საქართველოს ბიზნესგარემო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოში შექმნილი პლატფორმა მსოფლიოში საუკეთესოა. მთავრობამ ამ მხრივ უკვე ბევრი რამ გააკეთა. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ასევე დაგვპირდა, რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ ერთი რამ უნდა გამოვყო, მაშინ რკინიგზის განვითარება ნამდვილად არის ის საკითხი, სადაც მთავრობის მხარდაჭერა გვჭირდება.
რას მიიღებს საქართველო ანაკლიის პროექტში თქვენი ჩართულობით?
ნდობას. ჩვენ მსგავსი პროექტები უკვე წარმატებით გვაქვს განხორციელებული და შესაბამისად, ჩვენი წარმატების გაზომვა შესაძლებელია იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ განვავითარეთ, ავამუშავეთ და ვმართეთ მსგავსი პორტები. ვფიქრობ, მთავრობა აანალიზებს, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი, ეს წარმატება საქართველოშიც გადმოვთარგმნოთ. რაც მთავარია, არა მხოლოდ დავიწყოთ პროექტი, არამედ დაგეგმილ დონემდეც განვავითაროთ. ამის კარგი მაგალითია პანამის პორტი: 1995 წელს 125 ათასი კონტეინერიდან, დღეს - 25 წლის შემდეგ, კონტეინერების რაოდენობა 2.5 მილიონამდეა გაზრდილი. ამასთან, განვითარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და სხვა მომიჯნავე ინფრასტრუქტურა - ზუსტად ისე, როგორც ამას ვვარაუდობთ საქართველოს შემთხვევაშიც.
რა არის ანაკლიის პროექტის მთავარი გამოწვევა - რით განსხვავდება ის სხვა ქვეყნებში განხორციელებულიპროექტებისგან?
ყველა პროექტს თავისი გამოწვევა აქვს. ანაკლიის შემთხვევაში, ეს ცნობადობას უკავშირდება. ჩვენ მოგვიწევს გავანათლოთ ცენტრალური აზიის ქვეყნები, თუ რა სარგებლის მიღება შეუძლიათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნამდვილი სატრანსპორტო ჰაბი. ეს არ არის რთული საქმე, უბრალოდ დრო სჭირდება. მას შემდეგ, რაც ცნობადობას ავამაღლებთ, თვითონაც დაინახავენ, როგორ მუშაობს სისტემა და რომ საქართველო ნამდვილად არის ძლიერი სატრანსპორტო ჰაბი, სამუშაო ადგილებიც გაიზრდება. ამდენად, ცნობადობის ამაღლება დღეს მთავარი გამოწვევაა.