დამწყები მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართება.
14 ივლისს, ხუთშაბათს, 19 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში პროგრამაში მონაწილეობის მსურბელებს, კოორდინატორები დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან მონაწილეობის წესების და პირობების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ინოვაციური ბიზნესის იდეების დაფინანსების პროგრამამ "სტარტაპ საქართველო“ განაცხადების მიღება 17 ივნისს დაიწყო. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული, პერსპექტიული და მდგრადი ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება.
ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს, რაც მოიცავს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, კომპიუტერულ ინჟინერიას, კომპიუტერულ მეცნიერებას ტელეკომუნიკაციას და სხვა მიმართულებებს. კონკრეტული სფეროები კი შემდეგია:
ავიაკოსმიური წარმოება; ავტომობილები; ხელოვნური ინტელექტი; ბიოტექნოლოგიები; ბიოინფორმატიკა; კომპიუტერული ინჟინერია; კომპიუტერული მეცნიერება; ინფორმაციული ტექნოლოგიები; ნანოტექნოლოგიები; ბირთვული ფიზიკა; ელექტრომაგნიტური გამოსხივება; რობოტიკა; ნახევარგამტარები; ტელეკომუნიკაცია.