"სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტების კომერციალიზაციის პირველ შედეგებს ხელისუფლება 2017 წლის დასაწყისში ელოდება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ავთო კასრაძემ განუცხადა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში გამარჯვებულ კონკურსანტებს მენტორობას „სილიკონის ველის“ ექსპერტები გაუწევენ და პროექტის და ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებიან. შემდგომ ეტაპზე კი მათ შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროექტები ამერიკის უმსხვილესი ვენჩურული ფონდების მფლობელებს წარუდგინონ და მათგან დაფინანსება მოიპოვონ. ავთო კასრაძე ფიქრობს, რომ წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებისთვის პროექტებს იმაზე მეტი დრო დასჭირდებათ, ვიდრე 3 თვე ან ერთი წელია, თუმცა, დაფინანსების მოპოვება და იდეის ბიზნესად ქცევა მათთვის უკვე დიდი წარმატება იქნება.
"1 წლის ვადაში ვფიქრობთ, რომ შეიძლება განვახორციელოთ ისეთი აქსელერაციის პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დაგვანახოს, რომელი სტარტაპია წარმატებული, რომელს სჭირდება დამატებითი ხელშეწყობა და ა.შ. ვფიქრობთ, რომ იანვარ-თებერვალში გვეყოლება წარმატებული კომერციალიზაციის პროექტები, თუმცა, უმეტესობას მეტი დრო დასჭირდება. წარმატებასაც თავისი საზომი აქვს. ეს პროექტები არის ძალიან საწყის ეტაპზე, მათ სჭირდებათ დიდი განვითარება, რათა გავიდნენ მსოფლიო ბაზარზე და გაყიდონ პოდუქცია. ამას რა თქმა უნდა, 3 თვე არ ეყოფა. თუმცა, პირველი წარმატება ამერიკული ვენჩურული ფონდებისგან დამატებითი დაფინანსების მირება იქნება",- აცხადებს ავთო კასრაძე.
მისივე თქმით, "სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვთ და ეს ამერიკელმა ინვესტორებმაც დაადასტურეს.
"აშშ-ს სილიკონ ველიდან 8 ვენჩურული ინვესტორი იყო ჩამოსული, რომლებსაც სტარტაპებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. მათი თქმით, საქართველოში ნახეს სწორედ ისეთი სტარტაპები, რომელსაც შეუძლიათ კონკურენცია მსოფლიო მასშტაბით სტარტაპებს გაუწიონ ",- აცხადებს ავთო კასრაძე.
შეგახსენებთ, რომ "სტარტაპ საქართველოს" 20 გამარჯვებული, 100 000 ლარით დაფინანსდება. მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები და ტელეკომუნიკაცია. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.