სტარტაპების დაფინანსების ინსტიტუტი განაცხადების მიღებას 17 ივნისიდან დაიწყებს. სტარტაპების დაფინანსებას საპარტნიორო ფონდი და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო ახორციელებენ, საერთო ბიუჯეტით 11 მილიონი ლარი.
ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოში განაცხადების მიღება 1 თვის განმავლობაში მოხდება, საპარტნიორო ფონდში კი 45 დღის განმავლობაში. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, 2 მილიონი ლარი მაღალტექნოლოგიური სტარტაპების დაფინანსებისკენ იქნება მიმართული, 9 მილიონი კი ინოვაციური სტარტაპებისკენ. მსურველებმა აპლიკაცია ინგლისურ ენაზე უნდა შეავსონ.
იდეების შეფასებას სილიკონ ველიდან მოწვეული ექსპერტები განახორციელებენ.
"ჩვენი მიზანია რომ ეს სტარტაპები გლობალურ ბაზარზე წარსდგნენ და შეფასებასაც ექსპერტები სილიკონის ველიდან ახორციელებენ, სადაც ყველაზე გამოცდილი ეკოსისტემა არსებობს სტარტაპების და ვენჩურული სარისკო ინვესტიციების კუთხით.
კონკურსის მეორე ნაწილი არის ტრენინგები და უკვე აგვისტოს მეორე ნახევარში მოხდება რეალური ინვესტორების წინაშე წარდგენა პრეზენტაციების სახით. საბოლოოდ დაფინანსების თანხა 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იქნება“, - განაცხადა ქაშიბაძემ.
რაც შეეხება საპარტნიორო ფონდს, სტარტაპების განაცხადებს სპეციალურად შექმნილი კომისია გადაარჩევს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კი ფონდის სამეთვალყურეო საბჭო მიიღებს.
"დაფინანსებულ სტარტაპებთან მუშაობა არ შეწყდება და გაგრძელდება მათთან მენტორული მუშაობა. შემდგომ შეირჩევა საუკეთესო სტარტაპები საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად. ჩვენ ვფიქრობთ რომ პირველ რიგში ეს არის სილიკონის ველი, თუმცა დიდი დაინტერესება არის გერმანიიდან, ლონდონიდან და დუბაიდან“, - ამბობს ირაკლი ქაშიბაძე.