სტარტაპ საქართველოს კონკურსი წლის ბოლომდე კიდევ ერთხელ გაიმართება. პროგრამის პირველი ნაწილი 18 ივლისს დასრულდა და დაფინანსების მოპოვებაზე განაცხადი 146 პირმა წარადგინა.
ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთო კასრაძის განცხადებით, კონკურსის მეორე ეტაპი სავარაუდოდ შემოდგომაზე, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში გამოცხადდება. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის პროექტების მიღება სამომავლოდან წელიწადში რამდენჯერმე იგეგმება.
პირველ ეტაპზე პროექტისთვის 11 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომლის გაზრდაც 35 მილიონამდეა დაგეგმილი.
„გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული იდეების სწორი დაფინანსება უნდა მოხდეს, რაც პირდაპირ აისახება ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე.
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მოცემულია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც შემდგომი 20 წლის განმავლობაში, გლობალური ეკონომიკას დასჭირდება დამატებით 600 მილიონი სამუშაო ადგილი.
„ლინკდინის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ დღევანდელ ბიზნესებს შეუძლია მხოლოდ 10-20 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. დანაჩენი 580 მილიონი სამუშაო ადგილის წყარო არის სწორედ სტარტაპები. მათ აქვთ შესაძლებლობა იმ სფეროში შევიდნენ სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს ბიზნესი“, - ამბობს ავთო კასრაძე „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას.