Home
Category
TV Live Menu

სტარტაპების დაფინანსების პროგრამის გამოცხადება წელიწადში ოთხჯერ იგეგმება

57d501bdb531b
BM.GE
11.09.16 11:00
1226
“სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური ნაწილის გამარჯვებულები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში, 720-ზე მტი განაცხადი შევიდა, ხოლო გამარჯვებული 36 კონკურსანტი გახდა. პროექტები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინტერნეტ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ქიმიური მრეწველობის და სხვა სფეროებს მოიცავს. პროექტის დეტალზებზე “ბიზნესკონტრაქტთან“ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა საუბრობს.

- ქალბათონო ნათია, როგორი იყო აღნიშნულ პროექტში აქტივობა, ელოდებოდით თუ არა ამ რაოდენობის განაცხადს?

- ინტერესი ძალიან მაღალი იყო, 720 განცახადი შემოვიდა. მოსალოდნელი იყო, რომ ინტერესი დიდი იქნებოდა. აღვნიშნავ, რომ ამ 720 განაცხადიდან ხარისხიანი და პერსპექტიული განაცხადი საკმაოდ ბევრი იყო. განაცხადებში არის ისეთებიც, რომელიც კრიტერიუმებს შეესაბამება და მცირედი დამუშავება სჭირდება და არის ისეთებიც, რომლებიც აღნიშნული პროექტისთვის რელევანტური არ არის, მაგრამ ადამიანები მაინც ცდილობენ მოგვმართონ და ამ პროგრამაში ბედი სცადონ. ჩვენს შემთხვევაში, ხარისხიანი განაცხადი ბევრი იყო და რაღაც ნაწილი იმ დონის იყო, რომ ჩვენ მათი დაჯილდოვება შევძელით. პერსპექტიული განაცხადების საკმაოდ დიდი ნაწილი შემდეგ ეტაპზე გადავა, რომელიც ასევე მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შედეგი გვქენება.

- საუბარი იყო, რომ შემდეგ კონკურსამდე გარკვეული ტრენინგები ჩატარდება, რადგან შემოსულ იდეებს დახვეწა ჭირდებოდა...

- პირველმა ეტაპმა, პირველ რიგში, საშუალება მოგვცა, რომ არა მხოლოდ პოზიტიური ტენდენციები შეგვეჯამებინა, არამედი გარკვეული ნაკლოვანებები და ხარვეზები დაგვენახა, რომლებიც გამოსასწორებელია. ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჩვენი მხრიდან გარკვეული დახმარებით, იგივე ტრენინგების სახით შევძლებთ განაცხადების კიდევ უფრო დიდი ოდენობა გამარჯვების კონდიციამდე მივიყვანოთ. აღნიშნული ტრენინგები სწორედ იმ აპლიკანტებისთვის ტარდება, რომლებსაც თუნდაც მცირედით დახვეწა ესაჭიროებათ, რომ შემდგომში ჩვენი ბენეფიციარები გახდნენ და ასევე სხვა ნებისმიერი მსურველისთვის, ვინც დარეგისტრირება და პირვლ ეტაპზე მონაწილეობა ვერ მოასწრო. ეს ტრენინგები ზოგადი არ არის, არამედ კონკრეტულად ამ საჭიროებებზეა მორგებული. უპირველესად, ეს არის ბიზნესგეგმის დაწერაში ზოგადი ტრენინგები, ასევე მარკეტინგში ტრენინგები, რადგან ამ ინოვაციურ პროდუქტებს ძალიან სპეციფიკური მარკეტინგი სჭირდება. აუცილებელია ცოდნა იმისა, თუ რას უნდა პასუხობდეს პროექტი, რა არის ინოვაცია, რადგან ამ კუთხითაც იყო გარკვეული კითხვები. აინტერესებდათ და ბოლომდე გარკვეული არ იყვნენ იმაში ინოვაციურად როგორი პროექტი ჩაითვლება, თუმცა პირველი ეტაპისთვის 20 პროექტი გამოვლინდა მაღალტექნოლოგიებში და 36 პროექტი ინოვაციებში - გამოყოფილი 11 მილიონიდან დაახლოებით 5 მილიონამდე თანხა ათვისებულია, რაც ძალიან კარგი შედეგია.

- გამორჩეული პროექტებიდან რომელი სფეროები ლიდერობენ?

- ჩვენი პროექტების დარგობრივი სტრუქტურა, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში გამოიკვეთა ცოტა განსხვავებულია იმისგან, თუ რა არის ზოგადად ინოვაციური სტარტაპები სხვა ქვეყნებში მსგავსი კონკურესების დროს. ტრადიციული ინოვაციური დარგები ჩვენს შემთხვევაშის სჭარბობს, ეს არის იგივე სხვადასხვა ონლაინ და ელექტრონული პლატფორმები, მობილური აპლიკაციები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სხვა ვირტუალური პროდუქტები, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ სოლიდურად არის წარმოდგენილი ქიმიური და საშენ მასალათა ინდუსტრიები, სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით მეფუტკრეობის დარგში ძალიან კრეატიული ადამიანები არიან.

- გამარჯვებულმა პროექტებმა დაფინანსება როგორ მიიღეს?

- ჩვენ აღვნიშნეთ, რომ 100 000 ლარი მაქსიმუმია, რისი გამოყოფაც შეიძლება. ეს კონკრეტული ბიზნესგეგმის მიხედვით მოხდება. დაფინანსება კონკრეტულ მიზნებზე უნდა ყოფილიყო მორგებული. საშუალოდ 50 000, 60 000 და 70 000 ლარია მოთხოვნილი და რასაკვირველია, მეორე მხრიდანაც არის თანადაფინანსება და ბევრ შემთხვევაში ეს თანადაფინანსება გაცილებით მეტია, ვიდრე ის მინიმუმი, რაც ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნილი. ადამიანები მზად არიან, რომ საკუთარი ფულით თვითონაც გარისკონ, საკუთარი იდეის სჯერათ და ჩვენც მოგვიწოდებენ, რომ მათთან ერთად ამაში თანხა ჩავდოთ. საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია ის ინტელექტი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის სამეცნიერო კვლევით ბაზას ეყრდნობოდა. ეს ძველი ინტელექტი დაკარგული არ არის, ღვაწლმოსილი მეცნიერები არსებობენ, რომლებსაც ახალგაზრდა პოულობს და მათ გამოცდილებას საკუთარ ცოდნას არგებს და ძალიან კარგი სიმბიოზია სხვადასხვა ჯგუფებში წარმოდგენილი. გვაქვს შემთხვევა ბაბუა და შვილიშვილის.

- მეორე ეტაპი როდის დაიწყება?

- ვვარაუდობთ, რომ ეს სექტემბერ-ოქტომბერი იქნება და შემდეგ სავარაუდოდ წელიწადში ოთხჯერ მაინც იქნება. უფრო ნათელი სურათი ექნება ჩვენს მოსახლეობას, თუ ვინ უნდა მოგვმართოს, როგორ და რანაირად, ტრენინგები მუდმივად ჩატარდება, სადაც აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უფრო მარტივად მიიღებენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day