სტფანწმინდასთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის გასაძლიერებლად რუსული მხარის საბოლოო პასუხს საქართველო ჯერ არ ელოდება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, რუსეთის ფედერაციას თავდაპირველად კვლევები აქვს ჩასატარებელი.
"საბოლოო პასუხი ჯერ-ჯერობით არ იქნება, რადგან ყველა პროექტს სჭირდება დასაბუთება, თუ რა იქნება ესა თუ ის ბიზნეს-მოდელი, რომელზეც აგებული იქნება ინვესტიცია. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ჩასატარებელია სამუშაოები", - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ სტეფანწმინდიდან რუსეთის მიმართულებით ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ასშენებლად კვლევითი სამუშაოები შესაბამის უწყებებში უკვე მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის გაძლიერება ე.წ ერთიანი ენერგოქსელის პროექტის განხორციელებისთვის არის საჭირო. ამ ფორმატში საქართველომ, რუსეთმა, სომხეთმა და ირანმა მემორანდუმი უკვე გააფორმეს, რაც სეზონურად ოთხ ქვეყანას შორის ელექტროენერგიით ვაჭრობას გულისხმობს.
როგორც მარიამ ვალიშვილი აცხადებს, ეს ოთხმხრივი ფორმატი ელექტროენერგეტიკულ სისტემებს უფრო ეფექტიანს გახდის და ჩადებული ინვესტიციების მომგებიანობას გაზრდის. ამისთვის კი მონაწილე ქვეყნებს გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქვს ჩასატარებელი, მათ შორის საქართველოს.
"ჩვენ დიდი ინფრასტრუქტურული სახის სამუშაოები არ გვექნება გასაკეთებელი, რადგან ის ათწლიანი გეგმა, რომელიც მიღებულია და მოწონებულია სემეკისა და სამინისტროს მიერ, არის სამოქმედო გეგმა მომავალი 10 წლის განმავლობაში, თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთთან დამაკავშირებელი ძალიან პატარა დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობას და ასევე, რუსეთთან დამაკავშირებლ ხაზს, რომლის მშენებლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა გარკვეული ნაწილის აშენებაზე გადაწყვეტილება არის, რადგან იქ ჰესები შენდება და ბუნებრივია, ამ ჰესების ქსელში ჩართვის აუცილებლობა პირველი რიგის ამოცანაა და შემდეგ უკვე, რუსეთის მიმართულებით გაფართოება - მეორე რიგის", - განმარტა მარიამ ვალიშვილმა.