სტუდენტებისთვის ვაკანსიებს ყველაზე ხშირად სადაზღვევო კომპანიები და სასტუმროები აცხადებენ,- ამის შესახებ „ბიზნეკონტრაქტს“ სტუდენტების დასაქმების ვებგვერდის Studentjob.ge-ს დამფუძნებელმა ანა ნავდარაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიები ხშირად აცხადებენ ვაკანსიებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის, უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე, სასტუმროებს კი ძირითადად ადმინისტრატორები ესაჭიროებათ.
კითხვაზე, რამდენად აკმაყოფილებთ კომპანიებს სტუდენტების კვალიფიკაცია, Studentjob.ge-ს დამფუძნებელი აცხადებს კომპანიებს უმეტეს შემთხვევაში კადრების გადამზადება უწევთ.
„უნივერსიტეტებს აქვთხოლმე პროგრამები, რომელსაც ჰქვია მაგალითად, ტურიზმის ადმინისტრირება, სადაც ამზადებენ ტურიზმის მენეჯერებს, თუმცა, არა კონკრეტული სპეციალიზაციით. ამიტომ ეს ნამდვილად ქმნის პრობლემას, რადგან შემდეგ კოპანიებს უწევთ, ეს კადრები გადაამზადონ შიდა რესურსების გამოყენებით.
სადაზღვევო სფეროში ამ შემთხვევაში ძირითადად შიდა ტრენინგები ტარდება. კვალიფიციური კადრებიც რომ აჰყავთ, მაშინაც უტარებენ ტრენინგებს, რადგანაც შიდა ორგანიზაციულ კულტურაზე მორგებას სჭირდება გარკვეული გადამზადება“,- აცხადებს ანა ნავდარაშვილი.
სტუდენტების დასაქმებისთვის შექმნილი სპეციალური პორტალი საქართველოში 2015 წლის მარტში ამოქმედდა. რამდენი ადამიანის დასაქმება მოხდა ამ დროის განმავლობაში, ანა ნავდარაშვილი ვერ აკონკრეტებს. მისი თქმით, მსგავს ინფორმაციას კომპანიებისგან არ იღებენ და ისინი მხოლოდ მედიატორის ფუნქციას ასრულებენ, რომელიც სტუდენტსა და დამსაქმებელს ერთმანეთთან აკავშირებს.