Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სტუმარი: ბექა ლილუაშვილი - #წერტილი თელარა გელანტიასთან ერთად / 20.02.2023

BM.GE
20.02.23 23:27
98
სურსათის ფასების დარეგულირების მთავრობისეული ხედვა - რა მიზანი აქვს მთავრობის მეთაურს. რეალურად და გრძელვადიან პერიოდში რამდენადაა შესაძლებელი ჩარევების და რეგულირების გზით თუნდაც სურსათის გაიაფება თუ ესაა მორიგი პოპულიზმი მოკლევადიან პერიოდში მოსახლეობის გულის მოსაგებად - მოკლედ, რა უხარია ხალხს, ვისაც უხარია... 

„არაგონივრული“ და „მაღალი მარჟები“ ირაკლი ღარიბაშვილმა დღესაც გაიმეორა, თან ისიც აღნიშნა, რომ ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა მისი ხელწერა არ არის, ამიტომ მთავრობამ სურსათზე ფასების შემცირება ევროდირექტივაზე დაფუძნებული კანონპროექტით გადაწყვიტა -

კერძოდ, სურსათის ფასების დარეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს ახალი კანონპროექტის შემუშავება დაევალა. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ, ლევან დავითაშილისგან გავიგეთ, საკითხის “მოგვარებას” ხელისუფლება გეგმავს კანონპროექტით, რომელიც 2019 წელს მიღებულ 633-ე დირექტივის შესაბამისი უნდა იყოს.

რას ეხება და რა წერია ამ ევროდირექტივაში - ჩვენი ანალიტიკოსის შოთა ტყეშელაშვილის მასალა bm.ge-ზე უკვე გამოქვეყნდა, მაგრამ ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, გეტყვით, რომ ევროდირექტივა “ფასნამატს” ან “მარჟებს” არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს.

ევროდირექტივის მიზანია, აღკვეთოს გარკვეული საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტების მხრიდან საკუთარი დომინანტური პოზიციის გამოყენება მიმწოდებლებთან მიმართებით. როგორც ირკვევა, დირექტივის ძირითადი ტექსტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ასევე მალფუჭებადი საქონლის პირველად მწარმოებლებს შეეხება. ჯამში, მთავრობას სჯერა, რომ საცალო ვაჭრობის დარეგულირება საბოლოოდ სასურსათო პროდუქციას გააიაფებს. 

„როგორც ჩანს, პოლიტიკურად 90-იანებში დაბრუნების შემდეგ, ახლა ჯერი ეკონომიკაზე დადგა! ვისაც ჰგონია, რომ ფასების დარეგულირებით ხალხს სიკეთეს უკეთებს, იმან უბრალოდ არ იცის, სინამდვილეში რამხელა პრობლემები შეექმნება ამ ნაბიჯით ამავე ხალხს“, - ასე გამოეხმაურა დღეს სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი მთავრობის სხდომის ერთ-ერთ მთავარ საკითხს.

სტუმარი: ბექა ლილუაშვილი - დეპუტატი, ყოფილი პრემიერის ეკონომიკური მრჩეველი;
თელარა გელანტია - BM.GE-ის მთავარი რედაქტორი; „წერტილი“ - ავტორი & წამყვანი;






Subscribe to our news

Get the main news of the day