Subway საქართველოს რეგიონებში შევიდა. როგორც "საქმის კურსს" კომპანიის ადგილობრივმა წარმომადგენელმა გივი ორდენიძემ განუცხადა, პირველი ობიექტი აჭარაში, ბათუმში ივნისში გაიხსნა.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ გაფართოება სხვა ქალაქებშიც იგეგმება. კერძოდ, საუბარია ქობულეთზე, გუდაურსა და ქუთაისის აეროპორტზე, ასევე თბილისზე.
"ვერცერთმა ბრენდმა ამ დრომდე "მაკდონალდსის" გარდა ვერ გაბედა ბათუმში შესვლა, რადგანაც ეს სერიოზულ ხარჯებთან და რესურსებთან არის დაკავშირებული. ლოჯისტიკურად ეს საკმაოდ ძნელია. საქართველოში, სამწუხაროდ, არ არის ინფრასტრუქტურა და სერვისი ისე განვითარებული, რომ ბათუმში მარტივად მართო რესტორანი",- აცხადებს გივი ორდენიძე.
მისივე თქმით, მოთხოვნა Subway-ს პროდუქციაზე საკმაოდ მაღალია და წინა წელთან შედარებით გაყიდვები 15%-ით არის გაზრდილი.
გივი ორდენიძე ამბობს, რომ მათი პირდაპირი კონკურენტი არავინაა, რამდენადაც საერთაშორისო სწრაფი კვების ობიექტები სხვა ტიპის პროდუქციას აწარმოებენ, როგორიცაა ბურგერები, ზეთში შემწვარი ჩიფსები და ა.შ. კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში კი ამბობს, რომ Subway უფრო ჯანსაღ პროდუქციაზეა ორიენტირებული.
კითხვაზე, რატომ იყო დიდი წყვეტა კომპანიის მიერ ქსელის გაფართოებებს შორის, გივი ორდენიძე ამბობს, რომ აქამდე ვალუტის არასტაბილურობის გამო მსგავსი ნაბიჯებისგან თავს იკავებდნენ.
"ახლა დავინახეთ, რომ ვალუტის კურსი სადღაც 2,40-ის ფარგლებში სტაბილურად რჩება, ამიტომ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაც შეგვიძლია",- აცხადებს გივი ორდენიძე.