Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სუნამო სამკაულში - KAVEULI PARFUM-ის დამფუძნებელი თამარა ქაფიანიძე ქალების ნარატივში

BM.GE
11.02.21 11:40
534

ქართული არტიზანული სუნამო  -  KAVEULI PARFUM-ის დამფუძნებელი თამარა ქაფიანიძე ქალების ნარატივში


 

-იყო თუ არა სუნამოს წარმოება დიდი გამოწვევა საქართველოსთვის?

-სუნამო ბავშვობიდან მიზიდავს. გატაცებული ვარ არა მარტო არომატით, არამედ ბოთლებით, ყუთით, ტექსტურით, შეფუთვით...ამის გაკეთება მთელი ბავშვობა იყო ჩემი ოცნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ ვაცნობიერებდი და მეგონა მხოლოდ გატაცება. ეს ყველაფერი ალბათ, განაპირობა ბებიაჩემის ტუმბომ, სადაც იდო სუნამოს სულ პატარა შუშის ბოთლები. ერთ-ერთი არომატი, რომელიც კარგად მახსოვს, იყო Diorissimo. მისი მთავარი ინგრედიენტი იყო შროშანი. ალბათ, აქედან იწყება ყველაფერი. დავიწყე მასალების შეგროვება და ინგრედიენტების ჩემით გაკეთება. ახლაც ჩვევა მაქვს, რომ ხანდახან, ძალიან უადგილო ადგილას, ვწყვეტ ყვავილს ან ფოთოლს, ვსრეს და მიმაქვს ცხვირთან. 

ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ამ ყველაფრით, შეიძლებოდა, რომ რაღაც საინტერესო გამოსულიყო. 

13 წლის წინ გავიაზრე, რომ იყო რაღაცა სუნამოში, რაც არ მომწონდა და მინდოდა, შემეცვალა. ეს ეხება უმეტესად იმ სუნამოებს, რომლებსაც მე ვხმარობდი. იქამდე არ ვიცნობდი ნიშურ, არტიზანულ წარმოებას და უფრო ახლოს იყო ჩემთან ინდუსტრიული ტიპის სუნამოები. მივხვდი, რომ ამ ინდუსტირული სუნამოების არომატი, დღის განმავლობაში, კანთან შეხებისას ძალიან მძიმდება და იცვლის სახეს. ამიტომ მომინდა რაღაც ისეთი, რაც ბევრად უფრო ნატურალური, მსუბუქია და თან, მალე აქროლადი, იმიტომ რომ არ რჩება დღის განმავლობაში და ეს სიმძიმე და სახეცვლილი არომატი აღარ გვხვდება.

დავიწყე ამის ძიება, მოგზაურობამაც ხელი შემიწყო, შევხვდი ძალიან ბევრ მწარმოებელს, რომლებიც არტიზანული ნიშით მუშაობენ. ამ ყველაფერმა იმდენად გამიტაცა რომ 2016 წელს გადავწყვიტე ამ მიმართულებითაც მესწავლა. დავამთავრე იტალიური პარფიუმერიის კურსი. თეორიის სწავლისას აღმოვაჩინე, რომ პრაქტიკაში ბევრი რამ მქონდა გაკეთებული. მივხდი, რომ ამის მერე, შეიძლებოდა რაღაც უფრო საინტერესო გამომსვლოდა.   

 

-რა ძირითადი რჩევა ჩამოიტანეთ იტალიიდან?

-სუნამოს წარმოება არაა მარტივი პროცესი და ის დროში გაიწელა. იწყებ ინგრედიენტების არევას ერთმანეთში და ბოლოში ვერ გადიხარ, ყოველთვის გგონია, რომ რაღაც აკლია, ბოლომდე ის არ არის, რაც გინდა. საბოლოოდ, ჩემი და დამეხმარა, გამაცნო ძალიან საინტერესო იტალიელი პარფიუმერი მაურო მალატინი, რომელთანაც მასტერკლასი გავიარე. მან ნახა ჩვენი ნახევარფაბრიკატი, ის ფორმულა, რომელზეც წლების განმავლობაში ვიმუშავე და თქვა, რომ ფორმულა ძალიან საინტერესო იყო და პროდუქტი განვითარებას საჭიროებდა. დავიწყეთ ამ ადამიანთან მუშაობა და მასტერკლასი დამთავრდა  KAVEULI-ს სუნამოს ჩამოსხმით. ეს არის ჩვენი ერთობლივი პროდუქტი. მაურომ დიდი წვლილი შეიტანა ამაში, შეცვალა ჩემი ინგრედიენტები, ხარისხობრივად გაამდიდრა ფორმულა. 

 

-საიდან იღებთ ინგრედიენტებს?

-სუნამოს უნიკალურობას, ფასს, ხარისხს განსაზღვრას ინგრედიენტები. KAVEULI-ს სუნამოს ძირითადი ინგრედიენტები გულისხმობს უნიკალური ჯიშის წიწვოვან ნოტებს. ერთ-ერთი მთავარი ნოტი არის კავკასიური სოჭი, რომელიც კრავს არომატის ხისა და წიწვოვან მიმართულებას. ასევე არის ციტრუსოვანი ბგერები და წიწაკა. გარდა ამისა, ბაზას წარმოადგენს იაპონური ვეტივერია. თქვენ წარმოიდგინეთ, ადრე აფხაზეთსა და აჭარაში ვეტივერია იწარმოებოდა და პარფიუმერიაში გამოიყენებოდა. 

 

-თქვენს სუნამოს უფრო როგორი ხასიათი შეესაბამება - მკაცრი თუ ლმობიერი?

-ჩემი აზრით, უფრო მკაცრი, თუმცა ძალიან ჰაეროვანი. მას მოაქვს წიწვოვან ტყეში შებიჯების ძალიან მძაფრი შეგრძნება. ყოველთვის მინდოდა, რომ ბუნებრივი შეგრძნებით მიღებული არომატები სუნამოში გადამეყვანა. ერთ-ერთი იყო წიწვოვანი ტყე და ნაძვის კევი, რომლებიც ამ სუნამოს ძირითადი მახასიათებლებია. ასევე აღვნიშნავ, რომ ეს სუნამო არის უნისექსი, კლასიფიცირდება ცივი არომატად. გარკვეული მომხმარებლებისთვის არის მძაფრი, თუმცა მე ასე ვერ დავახასიათებდი, უფრო ჰაეროვანია. ჩემთვის აფროდიზიაკია, არომატი, რომელიც მინდა სულ „ცხვირში მქონდეს“.

 

-ამ ეტაპზე, რა რაოდენობით იწარმოება სუნამო?

-დამზადებულია 100 ბოქსი, რაც სუნამოს და სამკაულს მოიცავს. მინდოდა შექმნილიყო რაღაც ისეთი, რაც მოგვცემდა საშუალებას, ეს სუნი სულ თან გვეტარებინა. სწორედ ეს სამკაული იძლევა იმის საშუალებას, რომ 30 მილიგრამიანი ბოთლიდან გადაიტანოთ გულსაკიდში და თან ატაროთ.   

 

-რეალიზაციის თვალსაზრისით, სად ხვდება სუნამო?

-სუნამო 1 თვეა, რაც იყიდება. ის ხვდება concept store IERI-ში, ასევე მაღაზია “Sauvage”-ში და ცოტა ხანში, წარმოდგენილი იქნება „არომატეკაში“. გვაქვს გარკვეული გამოხმაურებები ისრაელიდან, იტალიიდან და რუსეთიდან. შესაბამისად, სავარაუდოდ, პროდუქტი საქართველოს გარეთაც გაიყიდება.  

 

-საინტერესოა, სუნამო როგორ იქმნება - ცხვირში, ვიზუალურად თუ გონებაში?

-KAVEULI-ს სუნამო შეიქმნა გონებაში, თუმცა ინსპირაცია იყო აფროდიზიაკი სუნი, რომელიც აბასთუმნის ტყეს უკავშირდება. სუნამოს შექმნა ჩემთვის ვიზუალურადაც წარმოსადგენია და ძალიან მაინტერესებს ეს.  ქართველ არტისტ სანდრო გუნიას ერთ-ერთი ნამუშევარი დაახლოებით 1 წელია სახლში მიკიდია და იმდენად მომწონს, რომ ერთ დღეს აუცილებლად გადმოვიტან ამ ვიზუალს არომატში. 

 

-რას საქმიანობთ KAVEULI-ს მიღმა? 

-ჩემი საქმიანობა უკავშირდება USAID-ის პროექტს, ეკონომიკური მმართველობის პროგრამა. ეს არის 5 წლიანი პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა. ჩვენ გაძლიერებაში ვეხმარებით როგორც მთავრობას, ისე კერძო სექტორს. აღვნიშნავ, რომ ეკონომიკური სექტორი გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ეს სირთულეები, გარკვეულწილად, ახალ შესაძლებლობებსაც გააჩენს. 

 

-გაქვთ უკვე რაიმე ჩანაფიქრი, რომელსაც 2021 წელს განახორციელებთ?

-2021-ში საეჭვოა ახალი პროდუქტი გამოვუშვა, სავარაუდოდ, კონცენტრირებული ვიქნებით არსებული სუნამოს ბრენდინგის გაძლიერებაზე.

ასევე, პანდემიის დასრულების შემდეგ, ძალიან მინდა პარმაში, ერთ-ერთ პარფიუმერულ სკოლაში წასვლა და დაახლოებით ნახევარწლიანი კურსის გავლა და სავარაუდოდ, ამის შემდეგ, ახალ პროდუქტზეც ვიფიქრებ.

 


სტუმარი: თამარა ქაფიანიძე - KAVEULI PARFUM- ის შემქმნელი

Subscribe to our news

Get the main news of the day