სვანეთში 10 მილიონიანი ინვესტიცია შესაძლოა ჩავარდეს, რადგანაც ინვესტორს მოკვლით ემუქრებიან. ამერიკული კომპანია "ოპტიკალ სისტემსი“ სვანეთში ოქროს ძიება-მოპოვებასთან დაკავშირებით ლიცენზიის მფლობელია. თემის დეტალებით ’’საქმიან დილასთან“ "ოპტიკალ სისტემსის“ იურისტი ირაკლი გვილია საუბრობს.
-ბატონო ირაკლი, როგორია დღეს არსებული მდგომარეობა?
-სამწუხაროდ, ეს პრობლემა გასული წლის მაისში წარმოიშვა და დღემდე არაფერი არ შეცვლილა. ამ პერიოდის განმავლობაში აქტიური კამპანია გვქონდა პრესაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, რომელსაც ამ ხნის მანძილზე აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია ჩვენ სასარგებლოდ.
ჩვენ ბრალს გვდებენ ქიმიური მინარევების, ხან ციანიდის არასწორ გამოყენებაში. ჩვენი ლიცენზია 2005 წლიდან არსებობს. ამ პერიოდიდან ამერიკული კომპანია აქტიურად აწარმოებდა შესწავლას და შარშან უკვე აქტიურ მუშაობაში ჩავებით.
კარგად ორგანიზებულმა კოლონამ ჩვენი ბანაკი დაარბია, დაახლოებით 200 ადამიანი ამოვიდა სოფელი იელის მახლობლად. ამ დარბევიდან მე-2-მე-3 დღეს გარემოს დაცვის ინსპექციამ შეგვამოწმა, დაგვაჯარიმეს, რადგან დაგვარბიეს და იმ ტერიტორიაზე ნაგავი ეყარა, ეს ბუნებრივია. დარბევის დროს ჩვენ თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფიზიკურად ვერ მოვასწარით ტერიტორიის დასუფთავება და მოწესრიგება. ეს ისედაც აბსურდია, თავიდან ბრალს გვდებდნენ თითქოს ურანის მოპოვებით ვიყავით დაკავებული, შემდეგ ვითომ ციანიდს ვიყენებდით, თუმცა არც ერთი სინამდვილეს არ შეესაბამება. გარემოს დაცვის ინსპექციამ ჩვენი მთლიანი ტერიტორია შეისწავლა და ვერანაირ მინარევი ვერ ნახა. ინტერესებს რაც შეეხება, ჩვენ ინფორმაცია გვაქვს და ვაცხადებთ, რომ სვანეთში დიდი გავლენის მქონე პირები პირდაპირ დაინტერესებულები არიან ამ საქმიანობის შეჩერებით და სწორედ მათი ორგანიზებით მოხდა ჩვენი ბანაკის დარბევა.
-თუ კი თქვენ ოფიციალურად ლიცენზიის მფლობელი ხართ, მითუმეტეს 2005 წლიდან, ამკრძალავი მხოლოდ ადგილობრივების პროტესტია, რომელიც სამუშაო პროცესს საფრთხეს უქმნის?
- არ არსებობს არცერთი სამართლებრივი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ჩვენ აღნიშნულ საქმიანობას გვიკრძალავს. ერთადერთი, რის გამოც ვფერხდებით არის ის, რომ სახელმწიფო სვანეთში სიტუაციას ვერ აკონტროლებს და კონსტიტუციური წესრიგის დამყარება ვერ ხდება.
-ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურებისთვის თუ მიგიმართავთ და მათგან ოფიციალური პასუხი თუ მიგიღიათ?
-რა თქმა უნდა, მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, ეკონომიკის მინისტრს, პრემიერმინისტრს, ასევე შეხვედრა გვქონდა ბიზნესომბუდსმენთან, თუმცა ჩვენ ამასთან დაკავშირებით არც ერთი ოფიციალური წერილი არ მიგვიღია.
-მაგალითად, როდესაც ბიზნესომბუდსმენს შეხვდით, რა გითხრათ მან?
-ეს ერთადერთი უწყებაა, რომელიც ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული, თუმცა მისი კომპეტენცია საკმაოდ შეზღუდულია იმ მხრივ, რომ ის არ არის შინაგან საქმეთა მინისტრი და ის ვერც პოლიციას ვერ უბრძანებს წესრიგი დაამყაროს.
ჩვენი ზიანი ამ პერიოდში დაახლოებით 2 მილიონ ლარს ცილდება. დანახარჯს ვგულისხმობს ანაზღაურებები, შეძენილი მასალები, რომელიც გაგვიფუჭდა, გაგვინადგურეს. ასევე გადახდილი იჯარები და ა.შ. ჩვენ ამ ყველაფერში ამერიკის საელჩო ჩავრთეთ და ახლა იმ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ამ უმსგავსობასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩომ გააკეთოს ოფიციალური განცხადება. პარალელურად ქვეყანაში ინვესტორებს ვეპატიჟებით, თუმცა მათი საქმიანობა ფერხდება, მიღებული ლიცენზიები უმოქმედოა, რადგან ადგილობრივ კლანებს სრულიად სხვა ინტერესი და ხედვა აქვთ.