სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური საგარეო უწყებები თავისი ქვეყნის მოქალაქეებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე სამოგზაურო რჩევებს აძლევენ. რჩევები მოიცავს, როგორც ქვეყანაში უსაფრთხოების, ასევე კრიმინალის შესახებ ინფორმაცას, ასევე გადადგილების საშუალებებს და ტურისტულ ობიექტებზე არსებულ ინფორმაციებს. ყველა ქვეყნის საელჩოს მსგავსი ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული არ აქვს, თუმცა გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.
საკმაოდ ოპერატიულად აქვს განახლებული საქართველოს შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის საელჩოს, რომელიც საქართველოში მოგზაურობის მსურველ მოქალაქეებს, 2016 წლის არჩევნების შედეგებსაც აცნობს და წერს, რომ ზუგდიდსა და მარნეულში გარკვეულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, სწორედ ამიტომ საქართველოში არჩევნების დღეებში მოგზაურებს ყურადღების გამოჩენას ურჩევს, რათა რაიმე პოლიტიკური დემონსტრაციის მონაწილე არ გახდნენ.
რაც შეეხება კრიმინალურ მდგომარეობას, ბრიტანეთის საელჩო თავის მოქალაქეებს ურჩევს რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში მაგალითად ვაკესა და საბურთალოზე, ასევე თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და ახვლედიანის ქუჩაზე დიდი ოდენობით თანხა ან ძვირფასი სამკაულები თან არ ატარონ.
ბრიტანეთის საელჩო იმასაც წერს, რომ არსებობს რამდენიმე ფაქტი ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ, ამიტომ საელჩო თავის მოქალაქეებს ურჩევს თავი აირიდონ ქუჩაში არალიცენზირებული ტაქსის გაჩერებისგან და ეცადონ, რომ მძღოლის უკანა სავარძელზე დასხდნენ.
რაც შეეხება თბილისს გარეთ სხვა ტურისტულ მარშრუტებს, საელჩო ბრიტანეთის მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს დავით-გარეჯის მონახულებისას, რადგან სწორედ აღნშნულ კომპლექსთან გადის საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარი.
"იყავით ფხიზლად მარტო სეირნობის და მოგზაურობისას, განსაკუთრებით კი ღამის საათებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების მხრივ სიტუაცია გაუმჯობესდა, შუქის წასვლის შემთხვევები კვლავ არის, ამიტომ თან იქონიეთ ფანარი", - აფრთხილებს საელჩო ბრიტანეთის მოქალაქეებს.
ბრიტანეთის საელჩო მოქალაქეებს ღამით მგზავრობისგან თავის შეკავებასაც სთხოვს, მიზეზად კი დაბლი ხარისხის და გაუნათებელ გზებს ასახელებს.
"თუ თქვენ მატარებლით მგზავრობთ არ დატოვოთ თქვენი ნივთები უყურადღებოდ, კუპეს კარი კი შიგნიდან ჩაკეტეთ", - წერს საელჩო.
ბრიტანეთის მსგავსად ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად საზღვრებზე არსებულ მდგომარეობაზე აფრთხილებს თავისი ქვეყნის მოსახლეობას ირლანდიაც, - ქვეყნის საგარეო უწება წერს, რომ სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. საზღვრებთან კრიმინალური შემთხვევების შანსი დიდია. ასევე საელჩო თავის მოქალქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში შესაძლოა პრობლემა გახდეს იმ სამედიცინო მედიკამენტების შეტანა, რომელიც როგორც წესი სხვა ქვეყნებში ნებადართულია. ამიტომ საზღვარზე წარსადგენად ოფიციალური უწყება მოქალაქეებს ექიმის რეცეპტის ან დეკლარაციის ფორმის წარდგენას ურჩევს.
პოლიტიკურ შეკრებებსა და დემონსტრაციებზე აფრთხილებს თავის მოქალაქეებს ირლანდიის მთავრობაც, რომელიც მოგზაურებს ურჩევს, რომ თავი აარიდონ ისეთ ადგილებს, სადაც ხალხის მასიური შეკრება ხდება, რადგან სიტუაცია შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, ირლანდიის საელჩო აღნიშნავს, რომ ამ კუთხით თბილისი შედარებით უსაფრთხო ქალაქია და მოქალაქეებს მხოლოდ იმ წესების დაცვას ურჩევს, რომელიც ყველა ქვეყანაში ტურისტებისთვის მსგავსია.
რაც შეეხება ტაქსებს, ისევე როგორც ბრიტანეთის საელჩო ირლანდიის საგარეო უყებას მოქალაქეებს ლიცენზირებული ტაქსებით სარგებლობას ურჩევს. ასევე საელჩო გაფრთხილებას აძლევს მოქალაქეებს მაღალმთიანი რეგიონების მონახულებისას და აღნიშნავს, რომ სხვა ტურისტული მარშრუტებისგან განსხვავებით მთიან რეგიონებში საკომუნიკაციო საშუალებები შესაძლოა შეზღუდული იყოს.
კიდევე ერთი ქვეყანა, რომელიც დემონსტრაციებისგან თავის არიდებას ურჩევს მოქალაქეებს ავსტრიაა. ამასთან ავსტრიის საგარეო უწყება მოგზაურებს ურჩევს, რომ განსაკუთრებით ძვირფასი ნივთებით ქუჩაში არ გადაადგილდნენ.
ავსტრიის მთავრობა აქცენტს აკეთებს სამედიცინო მომსახურებაზეც და წერს, რომ დედაქალას გარეთ რეგინებში საავადმყოფოებში არსებული სიტუაცია ხშირად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ საგზაო სისტემა ნაკლებად არის მოწესრიგებული და ზოგიერთ რეგიონში მოსახვედრად სპეციალური ავტომობილია საჭირო. თუმცა აქვე საელჩო იმასაც აღნიშნავს, რომ საავტომობილო გზებზე ხშირია პატრულის მიერ ავტომობილების და მძრაობის შემოწმების ფაქტები.