თაფლი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, საქართველოში ძალიან მცირეა,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ „მეფუტკრეთა გილდიის“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო წლის განმავლობაში სულ 4 ათას ტონა თაფლს აწარმოებს და აქედან ევროკავშირის სტანდარტებს, მაქსიმუმ 1000 ტონა თაფლი აკმაყოფილებს.
ამასთან, როგორც კეპაშვილი განმარტავს, საქართველოდან ევროკავშირში თაფლის ექსპორტს სხვა პრობლემებიც უშლის ხელს.
„ამ სიაში დარეგისტრირება არ ნიშანვს, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველანაირი ხარისხის თაფლი მივაწოდოთ ევრიკავშირის ქვეყნებს.
რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისთვის, რომ დაიწყოს თაფლის ექსპორტი ევროკავშირში?ქვეყანაში უნდა არსებობდეს მექანიზმი, რასაც ეძახიან ე.წ. სკრინინგს, ანუ უნდა არსებობდეს კონტროლი პირველად წარმოებაზე, რაც დღეს არ ხორციელდება. უნდა იწარმოებოდეს ისეთი სასურსათო თაფლი, რომელიც ექვემდებარება ევროკავშირის სტანდარტებს.
გარდა ამისა, თუ ჩვენ მოვაგვარებთ პირველად წარმოებას, მეორე პრობლემა არის გადამუშავება. ამისთვის უნდა არსებობდეს ტექნიკური და ინტელექტუალური საშუალებები, კონტროლის მექანიზმი და ფინანსური რესურსები. თუ თაფლი არ იქნება შეფუთული ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, ექსპორტს ვერ განვახორციელებთ.
გერმანია 35 ათას ტონას იმპორტს ახორციელებს, ჩვენ კი ვაწარმოებთ 4 ათას ტონას წლიურად, საიდანაც ხარისხიანი შესაძლებელია, იყოს მხოლოდ 1000 ტონა. ამასთან, ამ ოდენობის თაფლის შესყიდვისას ბევრად უფრო იაფს იხდიან გერმანელები, ვიდრე ქართველ ფერმერებს სურთ. ამიტომ, ვფიქრობ, თაფლის ევროკავშირში გატანისას პირველი ბარიერი სწორედ ფასი იქნება“,- აცხადებს გიორგი კეპაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.