თამბაქოს აქციზი 60 თეთრით გაიზრდება,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
როგორც ქუმსიშვილმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე საუბრისას აღნიშნა, რამდენიმე ნაწარმზე აქციზური გადასახადი იზრდება.
„მომდევნო წელს ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება, შესაბამისად, ეს მოგვცემს მნიშვნელოვან შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ავტომობილების იმპორტზე აქციზის განაკვეთის ზრდა მოხდება, რაც ჯამში მოგვცემს 45 მილიონი ლარის შემოსავლების მობილიზების შესაძლებლობას. პირველ შემთხვევაში, თამბაქოსთან მიმართებაში გათვალისწინებული გვაქვს, რომ 10%-იანი კლება მოხდება მოხმარების, მეორე შემთხვევაში, 25%-იანი შემცირება მოხდება. ამავე დროს სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში ასევე იზრდება გადასახადი. ტოტალიზატორი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას მიღებული ფსონების ჯამი დაიბეგრება 10%-ით, როცა აქამდე იბეგრებოდა 5%-ით, რაც მოგვცემს 30 მილიონის დამატებით აკუმულირების შესაძლებლობას და ასევე, 30%-ით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განაკვეთი მაგიდებთან დაკავშირებით, რაც 20 მილიონი ლარის დამატებით შემოსავლების მობილიზების შესაძლებლობას მოგვცემს. აქაც გათვალისწინებული გვაქვს, რომ დაახლოებით 3%-დან 5%-მდე მოხდება მოხმარების შემცირება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.