თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა "ბიზნესკონტრაქტთან" მიმდინარე წელს პროექტებში განხორციელებული ინვესტიციები შეაჯამა და აქცენტი ფონდის მხრიდან ტურიზმის სექტორში დაგეგმილ პროექტებზე გააკეთა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, წელს მიმდინარე პროექტებზე ფონდმა 200 მილიონ დოლარამდე დახარჯა.
"წელს დახარჯულია 200 მილიონ დოლარამდე მიმდინარე პროექტებში. ახალი პროექტი იყო ტურიზმის განვითარების ფონდი, რომელიც შედის თანაინვესტირების ფონდის ჯგუფში. ამ ფონდის საშუალებით ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ტურიზმის სფეროში, ხდება ისეთი ადგილების განვითარება, სადაც აქამდე არ იყო ტურისტული ინფრასტრუქტურა და ეს ჩვენი ინვესტიციები და პროექტები გახდება ამ ტურისტული ადგილებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრი. იმ ტერიტორიის გვერდით, სადაც ვახორციელებთ ინვესტიციებს იწყება ახალი სასტუმროების მშენებლობა და ზუსტად ეს იყო ჩვენი მიზანიც, ჩვენი ინვესტიციით მოგვეზიდა ინვესტიციები იმ რეგიონებში", -აცხადებს "ბიზნესკონტრაქტთან" გიორგი ბაჩიაშვილი.
შეგახსნეებთ, თანაინვესტირების ფონდში შემავალი ტურიზმის განვითარების ფონდი 8 სასტუმრო პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 680 მილიონი დოლარია. თანაინვესტირების ფონდის სხვა მიმდინარე პროექტებს შორისაა ასევე: პანორამა თბილისი, გალერეა თბილისი, პროექტები ენერგეტიკაში და სოფლის მეურნეობის სექტორში.