Home
Category
TV Live Menu

თანხა, რომელსაც მთავრობა ლობიზმში ხარჯავს

59e1c85d0fdad
თელარა გელანტია
14.10.17 12:16
936
2012-2016 წლებში საქართველოს მთავრობამ ლობიზმში 10 965 255.82 ლარი დახარჯა. აღნიშნული ინფორმაცია „ანალიტიკას“ ოფიციალური წერილის საფუძველზე მთავრობის ადმინისტრაციიდან მიაწოდეს.

წლების მიხედვით, ყველაზე მეტი 4 მლნ 737 ათასი ლარის ლობისტური მომსახურება მთავრობამ 2014 წელს შეიძინა; 2 მლნ 281 ათასი ლარი დახარჯეს ლობიზმში 2013 წელს და თითქმის ამდენივე გასულ 2016 წელს.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2017 წელს უკვე 134 ათასი ლარის ხარჯი გაწიეს. ასევე კანცელარიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაკონტრაქტებულია დაახლოებით, 738 ათასი დოლარის მომსახურება, მაგრამ ჯერჯერობით თანხა გადახდილი არაა.

აღსანიშნავია, რომ ჯამური 13 მლნ ლარიდან, რომელიც 2012-2017 წლებში ლობიზმში გაწეული ხარჯიდან, უდიდესი ნაწილი დახარჯულია აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის, აშშ-ის მთავრობასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის, უცხოელ ინვესტორებს შორის საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის და ა.შ. ლობიზმში გაწეულ ხარჯებს შორისაა საქართველოს მთავრობის დახმარება სამთავრობო ურთიერთობებისა და საგარეო კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვის საკითხებში.

საინტერესოა ისიც, 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობამ მხოლოდ ერთხელ 2016 წელს 100 ათას ლარამდე დახარჯა გერმანიასთან სამთავრობო ურთიერთობების გაუმჯობესებასა და სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვის საკითხებში ლობისტური კონსულტაციისთვის.

ცნობისთვის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ძველი კვლევების თანახმად, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა, 2004-2010 წლებში საქართველომ ლობიზმში $5 მლნ-მდე დახარჯა.

Subscribe to our news

Get the main news of the day