Home
Category
TV Live Menu

"თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის პროცედურები გამჭვირვალე არ არის"

5a59d7f95824f
BM.GE
13.01.18 15:00
789
საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკიდან გამოდინარე, სახელმწიფოს შეუძლია თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრას იმ საფუძვლით, რომ იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს, ისე, რომ თავშესაფრის მაძიებელს არ აქვს არანაირი ინფორმაცია, კონკრეტულად რაზე დაყრდნობით ხდება მისთვის თავშესაფარზე უარის თქმა.

შესაბამისად, ასეთ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში მითითებული არ არის უარის კონკრეტული დეტალები, დასახელებული არ არის თავშესაფრის მაძიებლებისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ზოგადი საფუძვლებიც კი, მათ შორის ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი ან სხვ.

თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ, IDFI-ოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად იკვეთება ორი ძირითადი პრობლემა:

- იმის გამო, რომ თავშესაფრის მაძიებლებს და არც მათი დაცვის განმახორციელებელ პირებს არ აქვთ დასახელებული ინფორმაცია, ისინი ვერ სარგებლობენ დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან.

- იმის გამო, რომ დასახელებული ინფორმაცია მოცემული არ არის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში, სასამართლო გადაწყვეტილებები და განჩინებები, როგორც საჯარო ინფორმაცია, საზოგადოებისათვის ფაქტობრივად მიუწვდომელია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ინფორმაციის საჯაროობის პრინციპს.

IDFI მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემები განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობის ხარვეზებით.

IDFI-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით დაადგინა, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში 95 თავშესაფრის მაძიებელ პირს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე იმ არგუმენტით, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ განმცხადებელი საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში. ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო იღებს. შესაბამისად, IDFI-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გამოითხოვა იმ გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ასლები, სადაც მოპასუხეს წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ხოლო დავის საგანს კი სამინისტროს მიერ აპელანტთათვის სახელმწიფოს უსაფრთხოების საფუძვლით თავშესაფრის მინიჭებაზე უარი და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მოთხოვნა წარმოადგენდა.

თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული სტატისტიკა

IDFI-მ გაანალიზა ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკა და სამინისტროს ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. განხილული სტატისტიკური მაჩვენებლები ეჭვს ბადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სამინისტრო შესაძლოა საკანონმდებლო ხარვეზს თავშესაფრის მაძიებლებისათვის თავშესაფარზე უარის თქმისათვის იყენებდნენ. კერძოდ, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში 95 თავშესაფრის მაძიებელს თავშესაფარზე უარი სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით ეთქვა, რაც ერთი წლის კვალობაზე ძალიან დიდი რიცხვია. აღნიშნულს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ, სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული თავშესაფრის მაძიებლების მხოლოდ მცირე ნაწილი იღებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს.


რეკომენდაციები

IDFI-ის პოზიციით,აუცილებელიაშეიცვალოს კანონმდებლობა და აღმოიფხვრას ხარვეზები შემდეგი მიმართულებით:

- თავშესაფრის მაძიებლებსა და მათი დაცვის განმახორციელებელ პირებს უნდა ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებად მოაზრებულ იმ ინფორმაციაზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებს უდევს საფუძვლად.

მართალია, სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაცია ყველა შემთხვევაში საზოგადოებისათვის სრულად ხელმისაწვდომი შესაძლოა არ იყოს, თუმცა აუცილებელია დაბალანსდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვის ინტერესები.

სასურველია, საქართველოს კანონმდებლობაში აისახოს გაერთიანებული სამეფოსა და კანადის მსგავსი მოდელი, რომლის ფარგლებშიც სპეციალურ ადვოკატს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციას. ეს დააბალანსებს თავშესაფრის მაძიებლის უფლებას, ჰქონდეს წვდომა სამართლიან სასამართლოზე და სახელმწიფო უსაფრთხოების საჯარო ინტერესს.

გარდა ამისა, კიდევ ერთ ალტერნატივას წარმოადგენს, სასამართლოსათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მხარის შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, გადასცემს თუ არა და რა მოცულობით გადასცემს სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელსა და მისი დაცვის განმახორციელებელ პირებს. ამგვარი მოდელის ჩამოყალიბების პირობებში კი, ცხადია, კანონმდებლობაში ზედმიწევნით გაიწეროს პროცედურული ნორმები.

IDFI-ის პოზიციით, დამატებით ალტერნატიულ გზას წარმოადგენს, თუ კანონმდებლობით სახალხო დამცველს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოსთავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის უარის თქმის შესახებ კონკრეტულ საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საფუძვლების სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. აქაც, ამგვარი მოდელის ჩამოყალიბების პირობებში კანონმდებლობაში სრული სიზუსტით უნდა გაიწეროს პროცედურული ნორმები, მათ შორის სახალხო დამცველისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოქმედების არეალი - რა შემთხვევებში და რა ტიპის რეაგირების შესაძლებლობა აქვთ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული სასამართლო დავების დროს.

- უნდა დაბალანსდეს ინფორმაციის საჯაროობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები.

IDFI-ის პოზიციით, ინფორმაციის საჯაროობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს დააბალანსებს, თუ სასამართლო გადაწყვეტილებებში სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლად მითითებული იქნება ზოგადი დეტალები მაინც, მათ შორის სავარაუდო კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებასთან და სხვ. თუმცა, ცხადია, ამ პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კანონმდებლობა უშუალოდ თავშესაფრის მაძიებლის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოაგვარებს”, - განმარტავენ IDFI-ში.

Subscribe to our news

Get the main news of the day