Home
Category
TV Live Menu

"თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის მივლინებისას, უმეტეს შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ნორმების დარღვევის ფაქტებს"

58c64049e3f3f
BM.GE
13.03.17 10:45
986
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა „არასამეწარმეო იურიდიული პირის „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტი“-ს მიერ 2011-2016 წლებში განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტი საკუტარ დასკვნაში არაერთ შენიშვნას გამოყოფს:

1.ვერ იქნა წარმოდგენილი საორგანიზაციო კომიტეტის 2011-2015 წლების შესაბამისი პერიოდების ფინანსური ანგარიშგება, ბალანსები და მასთან დაკავშირებული სხვა ანგარიშები.

2. ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები 2011-დან 2015 წლამდე პერიოდში აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე. ორგანიზაციაში არ არსებობდა სასაწყობე აღრიცხვის სისტემა, შესყიდული ფასეულობების გადაცემა ხდებოდა პასუხისმგებელი პირების მითითების გარეშე. 2016 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლინდა როგორც ზედმეტობა, ასევე 4 ათასზე მეტი დასახელების აქტივების დანაკლისი.

3. გადაუდებელი აუცილობლების არსებობასა და სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საჭიროებაზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულება.

4. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას შუალედური ანგარიშსწორება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, წარმოებდა ხელშეკრულებით მოთხოვნილი შუალედური ფორმა N2-ისა და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გარეშე მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.

5. ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების დაუცველად ხელშეკრულებების გამარტივებული შესყიდვის საშულებით გაფორმების შემთხვევებს.

6. ადგილი ჰქონდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაუცველად ხელშეკრულებების გაფორმებას საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებთან, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს.

7. 2011-2012 წლების სამივლინებო ხარჯებზე ვერ იქნა წარმოდგენილი მივლინების ბრძანებები და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია.

8. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, უმეტეს შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ბინის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმების დარღვევის ფაქტებს.

მივლინების ბრძანებებში არ იყო ინფორმაცია თუ რამდენი დღის მიხედვით ხდებოდა სასტუმროს ხარჯის ანაზღაურება. ზოგიერთ შემთხვევაში ბრძანებით არ იკვეთება მივლინების მიზანი და ის ზოგადი ხასიათისაა. ვერ იქნა წარმოდგენილი ღონისძიებებზე ოფიციალური მოწვევები და ინფორმაცია მივლინებით მიღწეულ შედეგებზე.
9. საორგანიზაციო კომიტეტის ფუნქციონირების საჭიროების არარსებობის მიუხედავად, შეუძლებელია დადგინდეს მისი ლიკვიდაციის სავარაუდო ვადა.

„მოსაზრების გამოთქმაზე უარის საფუძვლის ამსახველ თავში მოყვანილი მასშტაბის შეზღუდვის გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ შევძელით საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება, რაც მოგვცემდა საფუძველს აუდიტორული მოსაზრების გამოსათქმელად თუ რამდენად შესაბამისობაშია საორგანიზაციო კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობა კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ივლისამდე პერიოდში კომიტეტის მიერ სხვადასხვა სპონსორისგან მიღებულია 352.00 ათასი ლარი, კომერციულ ბანკში დეპოზიტზე განთავსებულ თანხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი-457.66 ათასი ლარი, ფესტივალში მონაწილე ქვეყნების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისგან -811.75 ათასი ლარი.

გარდა აღნიშნულისა 2015 წელს საქართველოს მთავრობის სარეზერვო და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდებიდან გამოყოფილია 53,460,453.00 ლარი.

Subscribe to our news

Get the main news of the day