ღია სამუშაო სივრცე მცირე კომპანიებისთვის, ფრილანსერებისა და უბრალოდ, საინტერესო იდეების მქონე ადამიანებისთვის - Impact Hub Tbilisi დაინტერესებულ პირებს „პირადი ოფისის“ გარდა ტრენინგებს, სემინარებს და სხვადასხვა ღონისძიებებს სთავაზობს. Impact Hub Tbilisi განსხვავებული კონცეფციის ჰოსტელის - „ფაბრიკის“ - ტერიტორიაზე მდებარეობს.
სულ ერთი კვირის წინ თბილისი საერთო სამუშაო სივრცის გლობალური ქსელის Impact Hub-ის წევრი გახდა.
როგორც Impact Hub Tbilisi-ის დამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, მსოფლიოს დანარჩენ 86 ჰაბთან ერთად თბილისის ჰაბი იქნება აქტიური, ენერგიული, მოტივირებული და სიახლეების მოყვარული ადამიანების თავშეყრის ადგილი.
მისივე თქმით, ეს არის სივრცე, სადაც გაერთიანდებიან სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული პირები, რომლებიც საინტერესო იდეებსა და ინიციატივებს განახორციელებენ.
ჰაბი უმასპინძლებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, სასწავლო პროგრამებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.
„პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით, Impact Hub თბილისი ხელს შეუწყობს აქტუალური და პრობლემატური საკითხების წამოწევას. მრავალფუნქციური და მოქნილი ინფრასტრუქტურით, ჰაბი იქნება საუკეთესო ადგილი მუშაობისთვის, შეხვედრებისთვის, ცოდნის მისაღებად თუ საინტერესო კავშირების დასამყარებლად“,- აცხადებს ქეთევან ებანოიძე.
მისივე თქმით, Impact Hub-ის წევრობისთვის დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი საწვერო უნდა გადაიხადონ, რის შემდეგ საერთო სივრცით სარგებლობა შეეძლებათ.
„ჩათვალეთ, რომ გაქვთ თქვენი ოფისი, ოღონდ ეს არის ღია სივრცეში. პრინციპი არის სწორედ ეს - გვინდოდა ღია სივრცე ყოფილიყო იმისთვის, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციაში შესულიყვნენ სხვადასხვა სფეროს და ინტერესის ადამიანები, რომლებიც ერთად მუშაობის შედეგად საინტერესო იდეებს ჩამოაყალიბებენ და განახორციელებენ“,- აცხადებს ქეთევან ებანოიძე.