რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება. ოთხზოლიანი გზის პროექტირებისთვის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში 40 მილიონი დოლარი დაიხარჯება. პროექტის დეტალებზე “საქმიან დილასთან“ საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საუბრობს.
- ბატობო გიორგი რა სამუშაოებია უკვე დაწყებული და რა ვადები დასჭირდება პროექტის განხორციელებას?
- საქართველოს მთავრობის დავალებით, ჩვენ უკვე გაზაფხულიდან აქტიურად ჩავერთეთ აღნიშნული პროექტის რეალიზაციაში. პირველ რიგში, თანხები იყო მოძიებული იმისათვის, რომ პროექტი გაკეთდეს, დაახლოებით 23 პროექტი კეთდება ამ ეტაპზე და ერთ-ერთი არის რიკოთი. რიკოთი მთლიანად 52 კილომეტრია, 40-მდე გვირაბი იქნება და 100-მდე ხიდი. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება გაკეთებულია. ამ ეტაპზე შერჩევა მიმდინარეობს იმ კომპანიის, რომელიც პროექტის დეტალურ დიზაინს გააკეთებს.
- ამ 52 მეტრიან მონაკვეთზე მშენებლობისათვის რა თანხა დაიხარჯება ?
- მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე სრული პროექტი გვექნება და გვეცოდინება ზუსტად რამდენი დაიხარჯება, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი რთულია.
- როდის გვექნება რიკოთზე ავტობანი?
- ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს და გვჯერა, რომ 2020 წლისთვის აღნიშნული პროექტი დასრულდება.
ჩვენი გათვლებით, მთლიანად იმ პროექტებზე, რომლებსაც ახლა ჩვენ წამოვიწყებთ 2020 წლამდე, დაახლოებით 20 000 საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.
- თუ შეგიძლიათ, პროექტები ჩამოგვითვალეთ...
- დასავლეთიდან დავიწყებ და ჯერ იმ პროექტებს გეტყვით, რომლებიც დაპროექტების ეტაპზეა. ეს არის: ბათუმის შემოვლითი გზა - ბათუმის-სარფის საზღვარი; ასევე არის ქობულეთი-გრიგოლეთის, გრიგოლეთი-ფოთის, გრიგოლეთი-სამტრედიის მიმართულებები.
ჩქაროსნულ ავტობანს რაც შეეხება, შემოვლითი გზა გაკეთდება რიკოთის და ეს იქნება ხარაგაულის მიმართულებით და 52 კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება.
ასევე ანაკლიის მიმართულებთ მალე დაიწყება დაპროექტება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი აკეთებს რუსთავის ავტობანს. წითელი ხიდის და სადახლოს მიმართულებით დაიწყება პროექტირება. ასევე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა თბილისიდან კახეთის მიმართულება. ამაზე ჯერჯერობით არ გვისაუბრია. ექსკლუზიური ინფორმაციაა. გაკეთდება ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი დაახლოებით საგარეჯომდე ან სართიჭალამდე, საიდანაც მოძრაობა გაიყოფა გომბორის მიმართულებით, ასევე შიდა სოფლებზე. ეს პროცესი დაწყებულია, უახლოეს დღეებში პროექტირება დაიწყება. არსებული მაგისტრალის სამხრეთით გაივლის ახალი მაგისტრალი და ბაკურციხემდე ჩავა, შემდგომ ბაკურციხიდან თელავისკენ, თელავიდან წნორისკენ და წნორიდან ლაგოდეხისკენ .
- განათების საკითხი ცენტრალურ გზებსა და ავტობანზე, ვის კომპეტენციაში შედის?
- საერთოდ ავტობანების განათება ფუფუნების საგანია. მე როგორც მახსენდება ევროპის სულ რამდენიმე ქვეყანაშია, მაგალითად ბელგიაში, ჰოლანდიაში, მაგრამ ჩვენთან ყველა ავტობანი განათებული იქნება. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ახალ მაგისტრალებზე მოძრაობა რაც შეიძლება უსაფრთხო გახადოს და ვფიქრობ, რომ ეს დანახარჯი ამართლებს. ამ დღეებში სატენდერო პირობები ცხადდება, რომ სადაც თქვენ ბრძანეთ, იმ მონაკვეთზე წლის ბოლომდე განათება დამონტაჟდეს.