ახალმა მშენებლობებმა უნდა უპასუხონ მიმდინარე დემოგრაფიულ ცვლილებებს და გაითვალისწინონ ხელმისაწვდომი საცხოვრისის ქრონიკული დეფიციტი,- ამის შესახებ დედაქალაქის გენერალურ გეგმაშია აღნიშნული, რომელიც თბილისის მერიას ჯერ არ დაუმტკიცება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2030 წლისთვის საბინაო მშენებლობა თბილისში ისეთი მიმართულებით უნდა წარიმართოს, რომ საცხოვრებელი არეალები განსხვავებული ტიპის საბინაო გადაწყვეტას სთავაზობდნენ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს, მათ შორის შედარებით დაბალშემოსავლიან ოჯახებს, როგორიცაა მრავალშვილიანი ან ახალგაზრდა ოჯახები.
"საბინაო სექტორში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხელმისაწვდომი და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული ახალი საბინაო ფონდის შექმნას", - წერია დოკუმენტში.
აქვე აღნიშნულია, რომ ახალი საბინაო ფონდის მხოლოდ ნაწილი უნდა განთავსდეს ახლადათვისებულ და ახალშექმნილ საცხოვრებელ რაიონებში; საგრძნობი ნაწილი კი უნდა განლაგდეს უკვე არსებულ საცხოვრებელ არეალებში, მათ შორის, ქალაქის ისტორიული ცენტრის გარშემო მდებარე რეაბილიტირებულ უბნებში.