თბილისის გენგეგმის ჯგუფმა სამთავრობო ქალაქის მშენებლობისთვის ტერიტორია შეარჩია. ჯგუფი აღნიშნავს, რომ თბილისში ორი ასეთი ცენტრი გამოიყოფა - ორთაჭალასა და აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ, - გენერალური გეგმის დეტალებზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ "სითი ინსტიტუტის-საქართველოს" ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე საუბრობს.
- ბატონო მამუკა, სამთავრობო ქალაქის მშენებლობისთვის ორი ლოკაცია შეირჩა, რა წერია აღნიშნულთან დაკავშირებით გენგეგმაში?
-ამასთან დაკავშირებით გენგეგმაში ძალიან დიდი ყურადღების გამახვილება არ ყოფილა, აქ საუბარია, რომ ასეთ ტერიტორიებად შესაძლოა მოიაზრებოდეს იგივე ორთაჭალის და აღმაშენებლის ხეივანი. ქალაქის ცენტრში მართლაც დიდი გადატვირთულობა და გენგეგმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ქალაქის ცენტრის განტვირთვაა. ადმინისტრაციული ობიექტები ქალაქის ცენტრში ძალიან ხშირია და აქედან გამომდინარე, პრობლემებიც საკმაოდ დიდია. მაგალითისთვის იუსტიციის სახლის მოყვანა შეიძლება, სადაც დაახლოებით 12 000 ავტომობილის მოზიდვა ხდება. იგი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული და რას იწვევს ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენ მთავარ დოკუმენტს ვაკეთებთ რომელიც თბილისის მერიას გადაეცა.
- ერთ-ერთი თქვენი რეკომენდაცია ურბანული ტრანსპორტის განხრით გეგმარებითი და მართვითი სისტემების საზედამხედველო ორგანოს შექმნაა. რა ფუნქციები უნდა შეითავსოს ამ ორგანომ?
-ალბათ მთავარი ის არის, რომ ჩვენ იერარქიულად დავალაგოთ ტრანსპორტთან დაკავშირებით თუ რისი გაკეთება შეიძლება, რა გაკეთდა და რა არის გასაკეთებელი. გენგეგმის დამტკიცების შემდეგ, ზედმეტი მოლოდინები არ უნდა იყოს, რადგან საცობები ქალაქში არ გაქრება. გენგეგმა მაინც ჩარჩო დოკუმენტია და რა თქმა უნდა, დამტკიცების შემდეგ იგი ნორმატიულად იქცევა, რადგან მას თავისი მასშტაბი აქვს და თავისი ფუნქციები გააჩნია. ურბანულ ტრანსპორტთან დაკავშირებით ჩვენ სამი სატრანსპორტო დერეფნის ვარიანტი შევთავაზეთ დედაქალაქს. ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამოიკითხოს, ვინც ჩვენ მასალებს გაეცნობა. მათ შორის, ერთი გამჭოლი მაგისტრალია, რომელიც კახეთის გზატკეცილიდან აღმაშენებლის ხეივნამდე ტერიტორიას მოიცავს და რკინიგზისგან გამოთავისუფლებული ტერიტორიის გასწვრივ გაივლის. აქედან გამომდინარე შეთავაზებები, მათ შორის, განივი კავშირების, ბუნებრივია, არსებობს. თუმცა, სატრანსპორტო მოდელირების გარეშე, რაც ცალკე კვლევის საგანია საცობების პრობლემის მოგვარება ძალიან ძნელი იქნება. ასეთი სააგენტო კი სწორედ ამ ნაწილში უნდა ოპერირებდეს.
- მერიაში იყო მიდგომა, სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგებაზე, საცობებისგან გათავისუფლებაზე და ა.შ. რაც თავის თავში დიდ კვლევას მოიცავდა, მაგრამ ეს კვლევა დღეს არ გვაქვს, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი რეკომენდაცია რა იქნება?
-როგორც ექიმებს აქვთ დიაგნოზის დასმის საშუალება, ასევე ამგვარი კვლევები აჩვენებს იმ ცხელ და სუსტ წერტილებს, რომელიც ქალაქის ურბანული, იგივე განაშენიანების ფარგლებში არსებობს. ჩვენ ველოსიპედი არ უნდა გამოვიგონოთ, გათვლა უნდა გვქონდეს გაკეთებული. ევროპის ქალაქებში ვინც ნამყოფია იცის როგორ არის იქ სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ პაკეტის შემუშავება, რომელიც გვაჩვენებს თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ოპერირება. ამის ერთ-ერთი მცდელობა იყო სააკაძის მოედნის თემა, რომელიც ძალიან დიდი განხილვის საგანი იყო და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი ლოკაცია არ იყო. საუბარი იყო პეკინზე, კოსტავასა და ’’ჰოლოდეინის“ წინა მოედანზე. გერმანელი კოლეგებისგან შეთავაზება იყო, რომ სამივე ლოკაცია უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მათვე აღნიშნეს, რომ პრობლემა მანამ არ გადაწყდება, სანამ სატრანსპორტო მოდელი არ გვექნება.
- როგორ ფიქრობთ, როდის შეიძლება ჩვენთან ტრამვაის ხაზი განვითარდეს?
-პირადად მე ამას მხარს ვუჭერ. ჩვენ შევეცადეთ, რომ ჩვენს კვლევაში ეს წარმოჩენილი ყოფილიყო, მაგრამ ეს ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა. ჩვენ ქალაქ თბილისს სატრანსპორტო დერეფნები შევთავაზეთ და უფლება დავუტოვეთ თავად აირჩიონ როგორი სახის ტრანსპორტის გაივლის გარკვეულ ეტაპებზე. ფინანსური საშუალებების დეფიციტიდან გამომდინარე, პირველი ეტაპი შესაძლოა იყოს სწრაფი ავტობუსი, რომელსაც თავისი ხაზი და პრივილეგიები ექნება, თუმცა იქ ავტოსადგომები არ უნდა მოვაწყოთ და ამას დიდი ყურადღება და კონტროლი სჭირდება. ასევე შავნაბადას ტერიტორიაზე პარკის გაკეთებასთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ კერძო მფლობელობაშია, თუ არ ვცდები ესპანური კომპანიაა და მათთან კომუნიკაცია გვქონდა, თუმცა საუბრები და შეთანხმებები ქალაქის მერიის პრეროგატივა იქნება. ჩვენ შავნაბადას განვითარებას სხვანაირად ვხედავდით, დაახლოებით მთაწმინდის მსგავს ტერიტორიად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინიც წამოვიდნენ გარკვეულ მოლაპარაკებაზე. ჩვენი აზრით, იქ საბაგიროს და კარგი დასასვენებელი პარკის გაკეთებაც შეიძლება. იპოდრომს რაც შეეხება, იგი ჩვენ, როგორც რეკრეაციული ზონა ისე გვაქვს დაფიქსირებული. გამწვანების კუთხით კარგი მდგომარეობა არ არის, თუმცა იპოდრომო საპარკო ზონა არ არის და ის ვაკის პარკი თავისი ფუნქციით განსხვავდება ერთმანეთისგან.
- რამდენად რეალისტურად არის გენგეგმა მორგებული თბილსის ბიუჯეტზე და ვადები რამდენად გონივრულად არის გაწერილი?
- თუ ჩვენ განვიხილავთ იმას, რომ ეს გრძელვადიანი სტრატეგიაა და მოკლევადიანი, საშიუალოვადიანი და გრძელვადიანი პროექტების ერთობლიობაა, რომლებსაც თავისი მოქმედებისა და განხორციელების პერიოდი აქვთ, 13 წლის განმავლობაში შესაძლებელია აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება. ამისთვის მხოლოდ თბილისის ბიუჯეტი შეიძლება საკმარისი არ იყოს, მაგრამ არსებობენ დონორები და პროექტები განსახორციელებლად ბევრი სხვა საშუალება არსებობს.