თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიას საცობებისგან განტვირთვის სქემას სთავაზობს.
როგორც გენერალური გეგმის ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, გეგმა რამდენიმე ინფრასტრუქტურული სახის სამუშაოს ითვალისწინებს, რაც დედაქალაქს საცობებისგან განტვირთვაში დაეხმარება.
"კახეთის გზატკეცილი ქალაქში შემოსვლის შემდგომ რამდენიმე ვიწრო ქუჩაში იფანტება. ასეთი დიდი ნაკადი კი საცობებს იწვევს. ის გრძივი კავშირები, რაც ქალაქს აქვს, უწყვეტი უნდა იწყოს. ამიტომ ჩვენს შეთავაზებაში აუცილებლად იქნება მისი გაგრძელება და ჩრდილოეთის მიმართულებებზე დაკავშირება. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განივი კავშირებისა და რამდენიმე ხიდის დაგეგმვა ქალაქში. ამ ხიდებისთვის რამდენიმე ადგილი უკვე შერჩეულია და ახლა ვაზუსტებთ. ერთი გახლავთ დიდუბის არეალში და შეიძლება, იქ ორი კავშირიც შედგეს. ასევე, ქსნის ქუჩის მიდამოებშიც განივი კავშირია საჭირო. რუსთავიდან შემომავალი გზის მარცხენა სანაპიროსთან მიბმაც გვაქვს ჩანიშნული. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე ადგილი დაზუსტდება", – აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ.