თბილისის გზებზე სპეციალურად ავტობუსებისთვის და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილი საგზაო ზოლი გამოჩნდება. თავდაპირველად ე.წ. Bus Lane-ები კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე გაკეთდება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადეს გზის დახაზვა უახლოეს დღეებში მოხდება და ის ყვითელი ფერის იქნება. უწყების ცნობით, მძღოლები, რომლებიც აღნიშნულ ხაზს გადაკვეთენ დაჯარიმდებიან. გზის ნაწილებზე კი ზოლი გაწყვეტილი იქნება, რათა სხვა ტიპის ტრანსპორტმა მგზავრების აყვანა შეძლოს.
ამ ეტაპზე სატრანსპორტო კომპანიაში პროექტი მუშავდება, რომელიც მსგავსი ზოლების მთელს ქალაქში გაკეთებასაც გულისხმობს. მსგავსი საავტობუსო გზა მოქმედებს გორგასლის ქუჩაზე, აღმაშენებელსა და ჭავჭავაძის გამზირზე.
ამასთან, როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, უწყებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით სამარშრუტო სქემებთან დაკავშირებით, ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც შედგენილი კვლევა მერიას მომავალ წელს უნდა წარედგინოს.