წლის დასაწყისში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კონტრაქტორი კომპანიების მიმართ კონტროლის გამკაცრება და ფინანსური და ადმინისტრაციული სანქციები დააანონსა. დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გატარდება, როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული სანქციები.
"გზებთან მიმართებაში იყო 2-3 კომპანია, რომელსაც შეექმნა მართვასთან დაკავშირებული პრობლემები და შესაბამისად დროულად ვერ დაასრულეს სამუშაოები. ", - განაცხადა ნარმანიამ.
ბიზნესკონტრაქტი დაინტერესდა, რამდენი კომპანია დაჯარიმდა მიმდინარე წელს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო?
როგორც ბიზნესკონტრაქტს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გივი კუბლაშვილმა განუცხადა, ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზით, ხელშეკრულება მიმდინარე წელს მხოლოდ ერთ კომპანიასთან გაწყდა. კუბლაშვილის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში კომპანიამ, რომელიც მოხრეშვის სამუშაოებს აწარმოებდა, ვადას 20 დღით გადააცილა, რის გამოც მას ფინანსური სანქციებიც დაეკისრა.
რაც შეეხება სხვა შედარებით მცირე მასშტაბის დარღვევებს, გივი კუბლაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მერიის კეთლმოწყობის სამსახურმა დაახლოებით 20 ასეთი დარღვევა აღმოაჩინა.
მისი ინფორმაციით, ამ შემთხვევაში საუბარია ვადის 3-4 დღით გადაცილებაზე და სხვა მცირე დარღვევებზე, თუმცა, ამ შემთხვევაში სამსახური მხოლოდ მცირე სანქციებით შემოიფარგლა.
"იყო დარღვევები გასულ წელს, მაგრამ ხშირი იყო-მეთქი ვერ ვიტყვი. რაც ყველაზე ცუდი იყო, ასეთ დარღვევები ხდებოდა დიდ ხელშეკრულებებზე, რომელიც შემდეგ იწვევდა ჩვენი სასამხურის დაკნინებას. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გავამკაცრეთ კონტროლი“,- განაცხადა გივი კუბლაშვილმა.