ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს "საქმის კურსთან" აფასებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ სამინისტროების ოპტიმიზაცია საბიუჯეტო ხარჯების კუთხით დადებით გავლენას იქონიებს.
"ოპტიმიზაცია ეკონომიკურ ორომტრიალში ძალიან კარგია. ქამრების მოჭრის პრინციპი ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად იმუშავებს და დადებით გავლენას მოახდენს როგორც საბიუჯეტო ხარჯვის კუთხით, ასევე ყველა მაჩვენებელზე დადებით გავლენას მოახდენს. რაც მთავარია, ბიზნესს ნაკლები ბიუროკრატია შეხვდება“, - ამბობს ლაშა პაპაშვილი.
რაც შეეხება თბილისის ახალ მერს, ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ მერია ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლია და ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმები სწორედ მერიაში უნდა გატარდეს.
"მერია ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე სუსტი რგოლია და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები მერიაში უნდა გატარდეს. ნებისმიერი თბილისელისთვის თუ ქართველისთვის ამ ქალაქის მიუღებელი იერსახე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ამასთან ერთად მრავალი სოციალური პროექტია განსახორციელებელი, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება გადაწყვეტა. ამიტომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ეს გუნდი", - ამბობს პაპაშვილი.