თბილისის მუნიციპალურ ავტოპარკს კიდევ 15 ახალი ავტობუსი შეემატა.
12-მეტრიანი, ახალი ავტობუსები შშმ პირებისა და ჩვილ ბავშთა ეტლებისთვის სრულად არის ადაპტირებული და საამისოდ, სპეციალური პანდუსებით არის აღჭურვილი, ხოლო სალონში მათთვის განკუთვნილი სივრცეებია გამოყოფილი. Man-ის ავტობუსებში კონდიცირების სისტემა მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ავტობუსები აღჭურვილია USB როზეტით, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დატენონ ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები.
15-ვე ავტობუსი N51 ხაზზე დაინიშნება და გრძელ დისტანციაზე - გლდანიდან დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებს.
ახალი ავტობუსები მედიის წარმომადგენლებს დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან, მამუკა მუმლაძესთან, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ უფროსთან, ნუგზარ ჭეიშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად წარუდგინა. ავტობუსები ხაზზე 1 იანვარს გავა და მგზავრებს სტანდარტულ ფასად - 50 თეთრად მოემსახურება. ამავდროულად, დაწესებული შეღავათებიც შენარჩუნდება.
“ჩამოვიდა ახალი ავტობუსების მორიგი ნაკადი, რომელიც პირველი იანვრიდან ივლის N 51-ე მარშრუტზე. მანამდე დამონტაჟდება გადახდის სისტემა, ტაბლო და ავტობუსები სრულად იქნება აღჭურვილი იმისათვის, რომ კომფორტულად მოემსახუროს ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის შემდგომი ნაკადი, რომელიც იანვარში უნდა მიგვეღო, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ გაითვალისწინა რა ჩვენი თხოვნა, დააჩქარა მოწოდების პროცესი. ასე რომ, ჩვენ მათთან შეთანხმებულ გრაფიკს ვუსწრებთ. მომდევნო ავტობუსებიც შედარებით უფრო ადრე იქნება მიღებული. კომპანია მაქსიმალურად ითვალისწინებს ჩვენს ბაზაზე არსებულ მდგომარეობას და დაჩქარებით გვაწვდის ავტობუსებს, რათა უფრო ადრე მოვემსახუროთ კომფორტულად ჩვენს თანამოქალაქეებს,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.
პირველი რეისის შესრულებამდე ახალ ავტობუსებს განაბაჟებენ და ტექნიკურად მოამზადებენ. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ კონკურსის წესით შერჩეული მძღოლები გადამზადდებიან.