Home
Category
TV Live Menu

"თბილისის რესტორნებში მიმტანები კომპეტენტურები არ არიან, რომ კერძთან ღვინო სწორად შეარჩიონ"

582211dc949db
BM.GE
08.11.16 21:55
1119
რა სარგებლის მოტანა შეუძლია ღვინის ტურიზმს და რა აფერხებს მის განვითარებას, სფეროში არსებულ პრობლემებზე, პერსპექტივებსა და პოტენციალზე ’’საქმიან დილასთან“ ’’ხოხბის ცრემლების“ მარნის და Living Roots-ის თანამფლობელი ჯონ ვუდერმანი საუბრობს.

-დღევანდელ საქართველოში ღვინის პროდუქტები ტურისტული კუთხით ყველაზე მოთხოვნადია. თქვენი აზრით, დღეს ღვინის ტურიზმის მიმართულებით განვითარების რა სტადიაზე ვართ?

- კახეთში არის ადგილები, სადაც ტურისტებს კულტურულად გააცნობენ ქართული ღვინის ისტორიას, დეგუსტაციას შესთავაზებენ, ვენახებს დაათვალიერებინებენ. იმერეთი ამ კუთხით თანდათან ვითარდება, იქ მცირე მეღვინეები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკვე კარები გახსნან და ვიზიტორების რეგულარულად მიღება შეძლონ. თვითონ ტურისტულ კომპანიებში ბევრი რამ არის დასახვეწი და ასაწყობია. ჩემს შემთხვევაში, ზოგჯერ ჩვენ თვითონ მიგვაქვს იქ ღვინის ჭიქები და ტურისტების რესტორნებში მიყვანას ოჯახებს ვამჯობნებთ, რადგან იქ ბევრად უფრო ნატურალური და მრავალფეროვანია ყველაფერი.

საქართველო პატარაა, აქამდე ჩამოფრენა კი უფრო ძვირია, ვიდრე ვთქვათ საფრანგეთში, ან კალიფორნიაში ღვინის ცენტრებში. ადამიანს ძალიან უნდა უნდოდეს, რომ საქართველოში, როგორც ღვინის ტურისტი ისე ჩამოვიდეს. დიდი მანძილი უნდა გამოიაროს და ერთი პატარა კუთხე - კახეთი უნდა ნახოს, რადგან ღვინის ტურიზმი ამჟამად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოშია განვითარებული. ჩვენ შეიძლება ამ კუთხით სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი საფუძვლიანად ჩავრთოთ.

მცირე მეღვინეს იმერეთში შეიძლება ძროხაც ყავდეს, სიმინდის ყანები ქონდეს, მაგრამ ასეთმა მცირე მეწარმემ, რომ სტუმრებისთვის დეგუსტაცია ჩაატაროს, მთელი მეურნეობა მომზადებული უნდა ჰქონდეს. მეორე მომენტი ისაა, რომ ყოველთვის არ სცალიათ.

ასეთი ოჯახები ცდილობენ, რომ ამისთვის ოჯახის წევრი, ან ნათესავი დაატრენინგონ, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ ამისთვის რეგულარული კადრი ეყოლებათ.

მეღვინეებს უნდა ვასწავლოთ როგორ უნდა მიიღონ ვიზიტორები, საკონტაქტო საათები მაინც უნდა ჰქონდეთ თუ რეგალური არ ექნებათ. ჩემი მეგობრები იყვნენ ჩამოსული, რომლებიც 10 სხვადასხვა ადგილას მივიდნენ, სადაც ღვინის ტური იყო მონიშნული, თუმცა არცერთ წერტილში არავინ დახვდათ.

-იტალიაში ბოლოს 20 წელიწადში ღვინის ტურიზმში ჩართული მეურნეობების რაოდენობა 840-ჯერ, სექტორის ბრუნვა კი 20 000-ჯერ გაიზარდა და 3,5 მილიარდ ევროს მიაღწია. საქართველოში რამდენად დიდი პერსპექტივა აქვს ღვინის ტურიზმს?

-ჩემი აზრით, პერსპექტივას დასასრული არ აქვს, რადგან ის ძალიან დიდია. ძალიანაც რომ გვინდოდეს ისეთი შატოები როგორიც საფრანგეთშია ჩვენ ვერ გვექნება, ძალიანაც რომ ვეცადოთ ხელოვნური და სასაცილო იქნება.

ღვინის ტირისტი, რომელიც უკვე საფრანგეთში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ესპანეთსა და იტალიაში მრავალჯერ არის ნამყოფი და საქართველოში ჩამოდის, მას აქ ყურძნის ჯიშები, უნიკალური მიკრო რეგიონი, მისი კულტურა და ისტორია აინტერესებს. ვინც საქართველომდე მოვა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ის ღიად ფიქრობს და მზად არის, რომ რაიმე ეგზოტიკური და განსხვავებული ნახოს. ზოგადად თბილისში პრობლემაა ის, რომ რესტორნებში შეიძლება იყოს განსაკუთრებული, განსხვავებული და მრავალფეროვანი კერძი მომზადებული და გულდასაწყვეტია, რომ ანალოგიური რამ ღვინის კუთხითაც არ ხდება, ხშირად ღვინის სიაც კი არ აქვთ მენიუში და მიმტანები ელემენტარულად კომპეტენტურები არ არიან, რომ კერძთან ღვინო სწორად შეარჩიონ.

Subscribe to our news

Get the main news of the day