Home
Category
TV Live Menu

თბილისში 3000-მდე ელექტრონული წიგნის სმარტფონში ჩატვირთვა უფასოდ იქნება შესაძლებელი

573991f683a92
BM.GE
16.05.16 13:23
1568
ელექტრონული წიგნების სახლი "საბა", თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად, ახალ პროექტს იწყებს. "ქალაქი - ბიბლიოთეკა" - ასე ეწოდება პროექტს, რომლის მიზანია თბილისის სხვადასხვა ადგილებში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკების განთავსება და თბილისელებისთვის, ასევე დედაქალაქის სტუმრებისთვის ასობით ელექტრონული წიგნის საჩუქრად გადაცემა.

ელექტრონული ბიბლიოთეკების დიზაინი სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩევა, რომელიც მერიამ დღეს გამოაცხადა.

ელექტრონული წიგნების სახლი "საბა", რომელიც 2012 წელს თიბისი ბანკის ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა, 3 000-მდე ელექტრონულ წიგნს მოიცავს - თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებს, უცხოურ და ქართულ ბესტსელერებს, საბავშვო წიგნებს და ა.შ. მათი შეძენა შესაძლებელია saba.com.ge-ზე, ბეჭდურთან შედარებით დაახლოებით 50%-ით იაფად.

"ქალაქი - ბიბლიოთეკა" სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს მისცემს შესაძლებლობას, უფასოდ, მომენტალურად ჩატვირთოს „საბას“ ელექტრონული წიგნები თავის სმარტფონში, აპლიკაცია Saba Reader-ში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.

კერძოდ, პროექტის ფარგლებში, თბილისში არსებულ მწერლების სახელობის ქუჩებზე, სახლ-მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან, პარკებში, მეტროპოლიტენში, პანთეონებთან დამონტაჟდება ორიგინალური კონსტრუქციები - "საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკები, რომელზეც, ქუჩის/შენობის მანიშნებელთან ერთად, განთავსდება ელექტრონული წიგნები. მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით კი ნებისმიერი მსურველი შეძლებს წიგნის ჩამოტვირთვას საკუთარ ტელეფონში, Saba Reader აპლიკაციაში, რომელშიც მათ წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებენ.

ელექტრონული ბიბლიოთეკები სხვადასხვა ზომის და ორიგინალური დიზაინის უნდა იყოს. ამ მიზნით თბილისის მერია დღეიდან აცხადებს კონკურსს დიზაინერებისათვის, რომლებმაც უნდა შექმნან ქუჩებსა და პარკებში დასადგმელი ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციის დიზაინები.

კონკურსი 1 ივნისს დასრულდება და გამოვლინდება საუკეთესო დიზაინერული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც შეიქმნება თბილისის 300-მდე წერტილში განსათავსებელი ელექტრონული ბიბლიოთეკები.

"ქალაქი - ბიბლიოთეკა" დეკემბერში დასრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day