თბილისის ქუჩებში ელექტრონული წიგნების სმარტფონში უფასოდ ჩასატვირთი ადგილები სექტემბრიდან გამოჩნდება. პროექტს თბილისის მერია წიგნების სახლ „საბა“,-სთან ერთად ახორციელებს და მის ფარგლებში 3000-მდე ელექტრონული წიგნის უფასოდ გადმოწერა იქნება შესაძლებელი.
ელექტრონული ბიბლიოთეკების დიზაინზე ამ ეტაპზე კონკურსი მიმდინარეობს.
როგორც კულტურის საქალაქო სამსახურში „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადეს, "ქალაქი - ბიბლიოთეკა" სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს მისცემს შესაძლებლობას, უფასოდ, მომენტალურად ჩატვირთოს „საბას“ ელექტრონული წიგნები თავის სმარტფონში, აპლიკაცია Saba Reader-ში და საჩუქრად მიიღოს პირადი ბიბლიოთეკა.
კერძოდ, პროექტის ფარგლებში, თბილისში არსებულ მწერლების სახელობის ქუჩებზე, სახლ-მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან, პარკებში, მეტროპოლიტენში, პანთეონებთან დამონტაჟდება ორიგინალური კონსტრუქციები - "საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკები, რომელზეც, ქუჩის/შენობის მანიშნებელთან ერთად, განთავსდება ელექტრონული წიგნები. მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით კი ნებისმიერი მსურველი შეძლებს წიგნის ჩამოტვირთვას საკუთარ ტელეფონში, Saba Reader აპლიკაციაში, რომელშიც მათ წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებენ.
უფასო წიგენბი თბილისის სხვადასხვა ქუჩებში თემატური იქნება, - თუკი სპეციალური მოწყობილობა იმ ქუჩაზე განთავსდება, რომელსაც მწერლის სახელი ქვია, იქ მისი ნაწარმოებების ჩამოწერა იქნება შესაძლებელი. თავდაპირველად წიგნები მხოლოდ ქართულენოვანი იქნება, სამომავლოდ კი უცხოელი შემოქმედების ნამუშევრების დამატებაც იგეგემბა.
ასევე პროექტის ფარგლებში, იგეგმება აუდიო-რგოლების ჩაწერაც, რომელიც ხელმისაწვდომი სხვადასხვა პანთეონებსა და ტურისტულ ობიექტებზე იქნება.
პროექტი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად დაიწყება.