თბილისში Ramada Encore-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო "რამადა ენკორ თბილისი" კომპანია "m2 უძრავი ქონების" პროექტია. სასტუმროს მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-მ დააფინანსა.
"სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის" ინვესტიციები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როცა პროცესი თავიდან ბოლომდე სწორად არისაწყობილი და წარმატებულ შედეგს ვიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა ღია აუქციონი საინვესტიციო ვალდებულებებით, რომლის მოთხოვნა იყო სულ მცირე 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 25 მილიონი ლარის ინვესტირება.
„დღეს კი სახეზე გვაქვს სასტუმრო 152 ნომრით, რომელშიც 14 მილიონი დოლარია ინვესტირებული. დღეის მდგომარეობით, სასტუმროში დასაქმებულია 100 ადამიანი, თუმცა მომავალშიკომპანიას "m2 უძრავი ქონება" სამუშაო ადგილების ზრდა და სასტუმროების მშენებლობა აქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.