საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 9 ივნისს 10:00-ზე ტექნოპარკში საქართველო-საბერძნეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში 15-მდე ბერძნული კომპანია ჩამოდის. ბიზნეს-დელეგაციას საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტერენს-ნიკოლაოს ქუიკი უხელმძღვანელებს.
საბერძნეთის მხრიდან მონაწილე კომპანიების ინტერესის ძირითადი სფეროებია: მშენებლობა, სამშენებლო მასალები, პლასტმასის მილების წარმოება, მოსაპირკეთებელი ქვები, სარწყავი სისტემები, სურსათი და აგროინდუსტრია, აგროტექნოლოგიები, ფარმაცევტიკა, ენერგო სექტორი, ვერცხლის პროდუქცია, საავტომობილო ნაწილები, ფინანსური სერვისები და დაზღვევა. ჩამოთვლილი სფეროების შესაბამისად ფორუმში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 30-მდე ქართული კომპანია.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე - ნატო ჩიქოვანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - დავით ჯალაღანია და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტერენს-ნიკოლაოს ქუიკი გახნიან. საბერძნეთის ბიზნეს-დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო გარემოს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გააცნობს. ფორუმის მეორე ნაწილში გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდის (www.gcci.ge) საშუალებით დარეგისტრირებულ ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ პარტნიორული კონტაქტები დაამყარონ ბერძნული კომპანიების წარმომადგენლებთან და იმსჯელონ სამომავლო თანამშრომლობაზე.