Home
Category
TV Live Menu

თბილისში თვის ბოლოს 10 ერთეული ახალი ავტობუსი ივლის, 2017 წლის თებერვალში კი - 143

57d002868e199
დავით ჯალაღონია
07.09.16 16:02
1212
დედაქალაქის ავტობუსების პარკი პოლონეთში, გერმანული კომპანია „MAN Truck & Bus AG“–ის მიერ გამოშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით განახლდება. კომპანია ავტობუსებს ორ ქარხანაში აწყობს – პირველი ქალაქ სტარახოვიცეში მდებარეობს, სადაც ტრანსპორტისთვის ძირითადი დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს; მეორე ქარხანა ქალაქ პოზნანშია განთავსებული, სადაც უკვე აწყობილ ავტობუსებში ტექნიკური დეტალების გამართვა ხდება.

პირველი ათი ავტობუსი, რომელიც სექტემბრის ბოლოს თბილისში გამოჩნდება, პრაქტიკულად მზად არის, თუმცა ვიდრე პოლონეთიდან ახალი ტრანსპორტი საქართველოში შემოვა, მანამდე ქარხანაში საწარმოო პროცესს თბილისის მერიის წარმომადგენლები დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით გაეცნენ, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებიან.

დედაქალაქის მერის განმარტებით, "Man"-ის ავტობუსების შემოყვანის პროცესი 2017 წლის თებერვალში დასრულდება და სატრანსპორტო პარკს ახალი 143 ერთეული ავტობუსი ეყოლება.

მისივე განმარტებით, ეს ავტობუსები CNG-ის ტიპის ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც ბუნებრივ აირზე მუშაობს და საწვავთან შედარებით, უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს.

„ეს იქნება ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპი. ამის შემდეგ მერიას ახალი ავტოპარკის ჩამოყალიბებისთვის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს. რაც შეეხება ავტობუსების მძღოლებს, რომლებიც "Man"-ის ავტობუსებზე დასაქმდებიან, მათ თავად ამ კომპანიის სპეციალისტები გადაამზადებენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ ახალი ავტობუსები თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხით (27 მლნ ევრო) და ევროკავშირის გრანტის (7 მლნ ევრო) დახმარებით შეიძინა. სესხი მერიამ 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს და მისი წლიური განაკვეთი 1%–ია.

ცნობისთვის, პოლონეთის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ პოზნანში მდებარე „MAN Truck & Bus AG“-ის ქარხანა 150.000 მ2 ფართობზეა განთავსებული და 1998 წელს დაფუძნებულ საწარმოში, ძირითადად, CNG-ი საწვავზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილი საქალაქო ავტობუსები ეწყობა. რაც შეეხება ქალაქ სტარახოვიცეში არსებულ ქარხანას, ის 1999 წლიდან მუშაობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day