თბილისში ველობილიკები მარტის ბოლომდე გამოჩნდება,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ველობილიკი პირველ ეტაპზე მოეწყობა დედაენის ძეგლიდან, ვახუშტის ხიდამდე, შესაძლებელია გზა რიყის ტერიტორიასაც დაუკავშირდეს. როგორც მუმლაძე ამბობს, ველობილიკი, რომელიც ერთ მთლიან წრეს კრავს, საერთო ჯამში დაახლოებით 14-კილომეტრიანი იქნება.
მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ გზის მონახაზი მათ შექმნეს და ახლა პროექტს არქიტექტურის სამსახური ამუშავებს, რომლისგანაც დასრულებული ვარიანტი უახლოეს ერთ კვირაში უნდა მიიღონ.
მამუკა მუმლაძის თქმით, ველობილიკებისა და საპარკინგე ადგილების მოწყობის პროექტს ბიზნესს შესთავაზებენ, რომლებსაც შეეძლებათ ბილიკებსა და პარკინგის ადგილებზე საკუთარი რეკლამები განათავსონ. თუ პროექტით ბიზნესი არ დაინეტერსდა, ველობილიკებს თავად მერია მოაწყობს.
რა თანხა დასჭირდება პროექტს, ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება სხვა ლოკაციებს, სადაც ველობილიკების მოწყობა დაანონსდა, მერიის სამსახურში განმარტავენ, რომ ამ პროექტებს შედარებით მეტი თანხები სჭირდება და ე.წ. Bus Line-ების პროექტთან ერთად განიხილება.