Home
Category
TV Live Menu

თბილისში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება

58d623444c8fa
BM.GE
25.03.17 11:53
825
თბილისში, 26-27 მარტს, ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 26 მარტს განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო მონაკვეთი თემატური დეკორაციით მოირთვება. მთელი დღის განმავლობაში "ევროპული ქუჩის" სტუმრებს საგანგებოდ მოწყობილი დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფ მზარეულები როგორც ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს შესთავაზებენ.

12:00 საათიდან უწყვეტ რეჟიმში, დაუკრავენ ქართველი DJ-ები: Nika J, Tomma, Bacho, Cobert, Gacha Bakradze, Luna989, Misho Urushadze და სხვა. ქუჩაზე მოეწყობა ორი საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს თემატური თამაშები დახვდებათ, კერძოდ, ისინი სამგზავრო ჩემოდნის ჩალაგებას ისწავლიან, ასევე, მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. 15:00 საათიდან, სახალხო პროექტი, „გვიდირიჟორე“ დაიწყება, ასევე, გაიმართება თოჯინური ოპერა ”სევილიელი დალაქი”. 18:00 საათზე, ქართული ჯგუფი The Black Marrows დაუკრავს, დღის ბოლოს კი კონცერტი გაიმართება, რომელზეც ყველასთვის ცნობილი ევროპული მუსიკა გაჟღერდება.

27 მარტს კი, ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი. კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება, ორ საათს გასტანს და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day