Home
Category
TV Live Menu

"თბოელექტროსადგურებმა ბუნებრივი გაზი ლარში უნდა შეიძინონ"

5a3915ed639b5
დავით ჯალაღონია
19.12.17 17:35
704
სემეკის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ თბოელექტროსადგურებმა ბუნებრივი გაზი ლარში უნდა შეიძინონ. როგორც ირინა მილორავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ „სოკარ ექსპორტ-იმპორტთან“ მოლაპარაკებით ასეთი შეთანხმება შედგება, თბოსადგურები წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის მერყეობით არ დაზარალდებიან.

„ოთხივე თბოელექტროსადგური ბუნებრივ გაზს ყიდულობს „სოკარ ექსპორტ-იმპორტისგან“. მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ბუნებრივი გაზის ღირებულება 1000 მ3 -ზე არის 143 დოლარი. თუ ამ კონტრაქტში მოხდება ისეთი ჩანაწერის გაჩენა, რომელიც ლარში დააფიქსირებს ერთი წლის განმავლობაში გასაყიდი ბუნებრივი გაზის ღირებულებას, გამოდის რომ კურსთან დაკავშირებული რისკები დარჩება გამყიდველ კომპანიაში, ამ შემთხვევაში „სოკარ ექსპორტ-იმპორტში“ და ის მოახდენს გასაყიდი ფასის კორექტირებას ყოველი წლის ბოლოს“, - განაცხადა მილორავამ.

აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა სემეკის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე, სადაც თბოელექტროსადგურების ტარიფები დადგინდა, მას შემდეგ გააჟღერა, რაც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ორი თბოსადგურის წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ მარეგულირებელ კომისიას თხოვნით მიმართა, მათთვის ტარიფების ყოველთვიურად გადათვლასთან დაკავშირებით. ვეფხვაძის განმარტებით, კურსთა შორის სხვაობა წლის განმავლობაში კომპანიებს აზარალებს.
„მათი ინიციატივა იყო, რომ ყოველთვიურად დაგვედგინა ტარიფი, თუმცა ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ ამ სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, რაზეც დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ. ყველაზე მარტივი გამოსავალია, რომ გასაყიდი ბუნებრივი გაზის ფასი დადგინდეს ლარში“, - განმარტა მილორავამ.

მისივე ინფორმაციით, თბოსადგურებისთვის ბუნებრივი აირის ლარში შესაძლო შეძენის საკითხზე დისკუსია ჯერ „სოკარ ექსპორტ-იმპორტთან“ არ ოფილა.

შეგახსენებთ, რომ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, ორი თბოსადგურის ზღვრული ტარიფი გაიზარდა, ორის - შემცირდა.

"გარდაბნის თბოსადგურის" წარმოების ზღვრული ტარიფი 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 8.056 თეთრიდან 8.012 თეთრამდე შემცირდა, "ჯიფაუერის" - 10.537 თეთრიდან 9.431-მდე, "მტკვარი ენერჯის" - 11.358 თეთრიდან 11.512 თეთრამდე გაიზარდა, "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" კი - 10.963 თეთრიდან 11.511-მდე. ეს ორი უკანასკნელი ობიექტი „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ ეკუთვნის.

როგორც სემეკში განმარტავენ, თბოსადგურების ტარიფების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია დოლართან მიმართებით ლარის ის გაცვლითი კურსი, რაც ტარიფის დადგენის დღეს აქვს ეროვნულ ბანკს, ანუ 2.55 თეთრი.

სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფი 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრია ჩათვლით იქნება ძალაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day