თებერვალში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება წლიურად 13%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ გალტ&თაგარტის ელექტროენეგიის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
როგორც მიმოხილვაში წერია, ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები აფხაზეთის რეგიონის და პირდაპირი მომხმარებლების გაზრდილი მოხმარება იყო. გამანაწილებელი ლიცენზიანტების მოხმარება თებერვალში წლიურად 9.1%-ით არის გაზრდილი: თელასის მომხმარებელთა მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის რაოდენობა 8.3%-ით, კახეთის ენერგოდისტრიბუციის 4.9%-ით, ხოლო ენერგო-პროს აბონენტთა მოხმარება 10.0%-ით გაიზარდა. აფხაზეთის რეგიონის მოხმარება თებერვალში წლიურად 19.9%- ით არის გაზრდილი და ქვეყნის მოხმარების 23.1% შეადგინა.
"მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (+24.8% წ/წ), თუმცა, აღსანიშნავია 2016 წლის თებერვლის საკმაოდ დაბალი ბაზა (-14.7% წ/წ). ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი უმსხვილესი პირდაპირი მომხმარებლის (ჯამური პირდაპირი მოხმარების 81.1%), ჯორჯიან მანგანეზის, მოხმარების ზრდაა (+33.1% წ/წ); აქაც აღსანიშნავია 2016 წლის თებერვლის დაბალი ბაზა (-16.2% წ/წ). ჯორჯიან მანგანეზის მოხმარების ზრდამ საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი (2.5 პროცენტული პუნქტი 13.0%-იანი ჯამური ზრდის) შეიტანა ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ჯამურ ზრდაზე 2017 წლის თებერვალში. ელექტროენერგიის ექსპორტი თებერვალში უმნიშვნელო იყო, ხოლო აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ტრანზიტმა 16.3 გვტ.სთ. შეადგინა",- ნათქვამია მიმოხილვაში.