Home
Category
TV Live Menu

თედ ჯონასი: "ქართული სასამართლო, სამწუხაროდ, კვლავ რჩება არასანდოდ ბიზნესდავების მოგვარების კუთხით"

58ccfe5b2817b
BM.GE
18.03.17 14:40
1122
საქართველოს სასამართლოს სისტემა ბოლო პერიოდში საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტების ინტერესის ობიექტი არა ერთხელ გახდა. გარდა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმე გახმაურებული პროცესისა, ზოგადად ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა ყოველთვის უფრო დიდ ყურადღებას იქცევს სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის, საკანონმდებლო და მართლმსაჯულების კუთხითაც. ქართული სასამართლოს მანკიერ მხარეებზე არაერთხელ გაკეთებულა აქცენტი, განსაკუთრებით ბიზნესდავების კუთხით, - თემის დეტალებით ’’საქმიან დილასთან“ იურიდიული კომპანია DLA Piper-ის უფოსი მჩეველი და იურისტი თედ ჯონასი საუბრობს.

-რას ფიქრობთ საქართველოს სასამართლო სისტემაზე და ზოგადად სასამართლო სისტემის მნიშვნელობაზე ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა?

-ვფიქრობ, რომ უმეტესი ინვესტორისთვის და ბიზნეს აქტივობებისთვის და განსაკუთრებით ისეთი აქტივობებისთვის, სადაც იურისტები არიან ჩართული, სასამართლო მთლიანი სურათის ნაწილია, თუმცა არა მთლიანი სურათი. უმეტეს როლს ამ შემთხვევაში ქვეყნის საკანონმდებლო მართლმსაჯულება ასრულებს, ასევე ინვესტიციისთვის არსებული გარემო. ამ მხრივ საქართველო გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია მთელ რეგიონში. ზოგადად, აქ ისეთი საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეჟიმია, რომელიც ბიზნესის წარმოებას ხელს უწყობს. ამ შემთხვევაში სასამართლო შუა ნაწილში დგას და ქვეყანაში გავრცელებულ სულისკვეთებას ირეკლავს, თუმცა, ადგილობრივ პარტნიორებთან ან საერთაშორისო ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ბიზნესდავები გვაქვს. საქართველოს სასამართლო ამ მიმართულებით თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ ახორციელებს. იგი თავის ფუნქციებს რამდენიმე მიზეზის გამო ვერ ასრულებს და შეგვიძლია იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რომელიც მე ამ ქვეყანაში ვიხილე. თუ გავიხსენებთ შევარდნაძის პერიოდს, მე როგორც უცხოელს, არ მიწევდა სასამართლოსთვის მიმართვა, ვინაიდან კორუფციის დონე ძალიან მაღალი იყო. თუ შევადარებთ, ძალიან დიდ სხვაობას დავინახავთ, დღეს უკვე აკრძალულია ქრთამი. 90-იან წლებს თუ დავუბრუნდებით, ჩვენ მაშინ სასამართლოში იურიდიულ კომპანიას წარმოვადგენდით და ხარვეზები იყო. კულტურა იყო ასეთი, რომ ადგილობრივი კომპანიები ქრთამს ადვილად სთავაზობდნენ. სააკაშვილის მმართველობის დროს სასამართლო დამოუკიდებელი არ იყო, სახელმწიფო მაინც ახერხებდა მის გაკონტროლებას. ახლა ვითარება შეცვლილია, თუმცა, საქართველოს სასამართლო, სამწუხაროდ, კვლავ რჩება არასანდოდ ბიზნესდავების მოგვარების კუთხით. უპირველესად, ეს პოლიტიკური ფაქტორი გახლავთ. ეს ყველა შემთხვევაში არ გამოიხატება, მაგრამ, შესაძლოა, ამის რისკი არსებობდეს გარკვეული ბიზნესდავების გადაწყვეტის დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ, სამწუხაროდ, სასამართლოს საექსპერტო ცოდნის ნაკლებობა გააჩნია, არ აქვთ უნარ-ჩვევები იმისა, რომ ბიზნეს დავები ეფექტურად გადაწყვიტონ.

-იქნებ უფრო კონკრეტულად ამ ყველაფრის მიზეზებზე ვისაუბროთ?

-უცხოელი ინვესტორები ამ პრობლემას თავს არიდებენ იმით, რომ ისინი კონტრაქტორებს ირჩევენ და ადგილობრივ მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ შემთხვევაში ერთი კარგი ფაქტი არის ის, რომ საქართველო საკმაოდ ლიბერალურია, რაც ძალიან დადებითი ელემენტია ბიზნეს გარემოს კუთხით. საქართველო ნებას რთავს საერთაშორისო არბიტრაჟზე გავიდეს საქმე, რადგან ბიზნესდავები მოგვარდეს და ეს არის შესაძლებლობა.

-არის თუ არა ეს დღეს გამოწვევა საქართველოსთვის, რომ სასამართლომ ბიზნესმენების ნდობა მოიპოვოს?

-თუკი ბიზნეს საკითხებზე ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ, რომ აქ ცოდნის ნაკლებობასთან გავქვს საქმე, ასეთი საკითხებზე წარმოდგენაც ნაკლები აქვთ, განსაკუთრებით საგადასახადო საკითხების მიმართ. მე საგადასახადო საკითხებში ექსპერტი არ ვარ, თუმცა, საგადასახადო სისტემა ძალიან სპეციალიზირებული სფეროა, რომლის შესახებაც მოსამართლეებს ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ. მოსამართლეებს კანონი ბიზნესის შესახებ სათანადოდ არ ესმით. ეს გასაგებიც არის, რადგან კაპიტალისტური ეკონომიკისთვის შედარებით ახალი ეტაპია. ის უკვე 25 წელია ვითარდება და ძალიან დიდ დროს მოითხოვს, რომ განვითარდეს და თავისი ეკონომიკური მიმართულებით დაიხვეწოს.
კერძო სექტორს რაც შეეხება, იქ რაც ხდება, ეს უფრო რთული თემაა. ნელ-ნელა საქართველოში უფრო დახვეწილი ტენდენციები ვითარდება ბიზნეს სექტორში და იურიდიული ჩარჩოების ცოტა რთული მექანიზმია, ამიტომაც მოსამართლეებს სრული წარმოდგენა არ აქვთ ბიზნეს განხილვებზე. მათ ამ საკითხის დიდი გამოცდილება არ აქვთ. ეს არა მხოლოდ საქართველოს შემთხვევაშია პრობლემა, არამედ სხვა ქვეყნებშიც ვხვდებით ანალოგიურ პრობლემებს. მაგალითად, ამერიკაში ყველგან ფედერალური გადასახადი გვაქვს. იქ სასამართლო სრულყოფილად აღჭურვილია და მაქსიმალურ ცოდნას ფლობს ბიზნესის კუთხით. სწორედ ამიტომ შეერთებულ შტატებში კომპანიები ირჩევენ, გაერთიანდნენ და დარეგისტრირდნენ იმ შტატებში, სადაც ისეთი სასამართლოა, რომელიც სრულყოფილად ერკვევა ბიზნეს საკითხებში.

-ხომ არ ფიქრობთ, რომ ბიზნესდავები დროში იწელება და ეს უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ბიზნესზე, ისე ეკონომიკაზე?

-რა თქმა უნდა, საქართველოში არსებობს და ყოველთვის იყო გახმაურებული ბიზნესდავების შემთხვევები, სადაც არასათანადო, არასწორად მოგვარების გამო გახმაურებულ ფაქტებს უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდა უცხოელი ინვესტორების სურვილზე, რომ მეტი თანხები დაებანდებინათ საქართველოში. ეს კი ქართველი მოქალაქეების დასაქმებაზეც მოქმედებს. ვიტყოდი, რომ ბიზნეს დავები მიდრეკილია, რომ დროში გაიწელოს და შენელდეს, თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ. შეყოვნება პროგნოზირებადი არ არის, არავინ არ იცის, რა ფაქტები ახდენს გავლენას საქმის შეყოვნებაზე. არის შემთხვევები, როდესაც სასამართლო საქმის განხილვის დროს სავალდებულო საბოლოოდ დადგენილ ვადას ცდება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გაწერილია ვადა, როდესაც სასამართლომ საბოლოო განაჩენი უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, ისინი ხშირად თავიანთ გადაწყვეტილებებს აყოვნებენ და დადგენილ სავალდებულო ვადებს აჭარბებენ. ჩემი აზრით, შეყოვნება ის ფაქტორია, რომელიც არაპროგნოზირებადობას უსვამს ხაზს. განვითარებადი ქვეყნის ბაზარზე დიდი რაოდენობის ბიზნესდავები არსებობს და სასამართლო პროცესი არაპროგნოზირებადია. ამ დროს უფრო მეტი კულტურა უნდა გავავითაროთ ბიზნესდავების მოგვარების მიმართულებით და უფრო მხარდამჭერი ჩარჩო სტრუქტურები უნდა შეიქმნას. საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ეს ის მეთოდია, რომელიც ბიზნესდავების მოგვარებისთვის უნდა იყოს გამოყენებული. თუმცა, ის ცოტა შენელებული პროცესი და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. გაცილებით უკეთესია, რომ ბიზნესდავები ადგილობრივ სასამართლოს დონეზე გადაიჭრას, რადგან, როდესაც საქმე საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა დროში იწელება.

-რას გვეტყვით იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში და იყო თუ არა ეს რეფორმები ეფექტური?

-მთელი რიგი რეფორმები განხორციელდა, თუმცა ჩემი აზრით, მთავარი რეფორმა ზუსტად შევარდნაძის პერიოდში განხორციელდა 90-იან წლებში, რომლის მიმართაც ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. დაახლოებით 1998-1999 წლებში თავიდან მიზანი იყო, რომ ეს სისტემა გატესტილიყო, ყველა მოსამართლეს გამოცდა უნდა გაეევლო და მთელი რიგი ინსტრუმენტული პროცესები განხორციელდა მაშინ. მოსამართლეების 90%-მა ეს შემოწმება ეფექტურად ვერ გაიარა და ახალი მოსამართლეების ნაკადი წამოვიდა. ამ პერიოდში მათი ანაზღაურებაც გაიზარდა. ფიქსირებული ხელფასი დაუწესდათ და მოსამართლეები ხედავდნენ, რომ პროკურორებსა და მთავრობას შორის ქრთამის აღება ხდებოდა და ახალმა მოსამართლეებმა მალევე გააცნობიერეს, რომ წარსული გამოცდილება, რომელიც აღნიშნულ სფეროში არსებობდა, ეფექტური არ იყო. ამიტომაც მოქმედმა მთავრობამ რეფორმები შეიმუშავა, რომ მოსამართლეები უფრო დამოუკიდებელი გამხდარიყვნენ უმაღლესი საბჭოსგან. უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ მთლიან სასამართლო სისტემაში, რათა მეტი გამჭვირვალობისთვის დაეჭირათ მხარი და მთავრობის მხრიდან კონტროლი შეწყვეტილიყო. სამწუხაროდ, ეს რეფორმები იმ გზით არ განხორციელდა, რომლითაც დაგეგმილი იყო. მთლიანი ხედვა არ იყო შემუშავებული და გარკვეულწილად ის ნაწილი, რომელიც განხორციელდა მთლად ეფექტური ვერ აღმოჩნდა. პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ერთი ნაბიჯით უკან დავბრუნდით. მცირე, ნელი პროგრესი შეიმჩნევა სწორი მიმართულების კუთხით, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ჩემი აზრით, ძირითადი ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ საქართველოს მოსამართლეებმა სრულიად დამოუკიდებლობის კულტურა ვერ განავითარეს და ეს რჩება მთავარ საკითხად, რომ დღეს სასამართლო საკმარისად დამოუკიდებელი არ არის. მთავრობა სერიოზულად უნდა მოეკიდოს სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს. სამწუხაროდ, ეს დღეს ასე არ არის.


Subscribe to our news

Get the main news of the day