„თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ სემეკის მიერ დადგენილ ტარიფებს არ ეთანხმებიან. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, სემეკის მიერ დათვლილ ტარიფებში სრულად არ არის ასახული მათი დანახარჯები, განსაკუთრებით სახელფასო მიმართულებით.
„მთავარი, რაშიც კომისიას არ დავეთანხმებით, გახლავთ ის, რომ მარეგულირებელი კომისია არ ითვალისწინებს კომპანიის სახეცვლილებას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ სახეზე გვაქვს 2014 წლიდან დღემდე აბონენტებისა და ქსელის მნიშვნელოვანი ზრდა, ეს იმ პირობებში, რომ პრაქტიკულად არ მომხდარა პერსონალის შესაბამისი ზრდა, უფრო სწორად პერსონალი შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი „თელასის“ თანამშრომლები უფრო დატვირთულები არიან და უფრო მეტ სამუშაოს ასრულებენ. ეს არის ძირითადი, პრინციპული სხვაობაა ჩვენს მიდგომებს შორის“, - განუცხადა ჟურნალისტებს „თელასის“ კომერციული დირექტორის მოადგილემ მიხეილ ანთიძემ და დასძინა, რომ შენიშვნების მიუხედავად, სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფი ქალაქში სტაბილური და საიმედო ენერგომომარაგების საშუალებას იძლევა, ჩაფიქრებული ტემპებით კომპანიის სამომავლო განვითარების - არა.
რაც შეეხება „ენერგო-პრო ჯორჯიას“, კომპანიის რეგულირების მენეჯერმა ილია მათიაშვილმა სემეკის სხდომის მიმდინარეობისას საოპერაციო დანახარჯებში გარკვეული თანხების ასახვა მოითხოვა, თუმცა მედიასთან დეტალური კომენტარისგან თავი შეიკავა.
„გვაქვს ბევრი შეუთანხმებელი საკითხი, აქედან გამომდინარე, დადგენილ ტარიფს სჭირდება გაანალიზება, თუ რამდენად ადეკვატურია ჩვენს მოთხოვნებთან მიმართებაში. არ ვამბობთ, რომ ჩვენი მოთხოვნა უფრო მეტი იყო. ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ და ეს ტარიფი იყოს ადეკვატური“, - განაცხადა მათიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან „თელასის“ აბონენტებისთვის 1 კვტ.სთ ელექტროენერგია დაახლოებით 1.56 თეთრით გაძვირდება, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის კი - 1.28 თეთრით.