2012 წელს თუ შევადარებთ, სარეკლამო შემოსავლები ტელევიზიებისთვის იყო 28 მილიონი დოლარი, 2017 წელს კი 29 მილიონი დოლარი,- ამის შესახებ ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს. ასე ეხმაურება ის კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანალიზს, რომლის მიხედვითაც სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი საქართველოში იზრდება და 2017 წელს 89 მილიონი ლარი შეადგინა.
ჯანგირაშვილი ამ მონაცემებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ 2014 წლის შემდეგ სარეკლამო შემოსავლებმა ტელევიზიებში იკლო, მანამდე კი სარეკლამო ბაზარი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.
"სარეკლამო ბაზარი მარტო წინა წელთან მიმართებით კი არ შემცირდა, 2012 წელთან მიმართებითაც შემცირდა ტელევიზიებისთვის. როგორც უნდა შეაბრუნონ ეს მონაცემები, კლების ტენდენცია 2014 წლიდან არის უცვლელი“,- აცხადებს ჯანგირაშვილი და აღნიშნავს, რომ გასული წელი „კავკასიის“ სარეკლამო შემოსავლებისთვისაც კლების ტენდენციით ხასიათდებოდა.
ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ მარეგულირებლის მიერ იმაზე აპელირება, რომ სარეკლამო შემოსავლები ტელევიზიებს რეკლამების გაყიდვის სისტემის ცვლილების გამო შეუმცირდათ, არასწორია.
"მარეგულირებელ კომისიას აღარ დარჩა არაფერი ხელმოსაჭიდი, დაიწყო იმის ძიება სააგენტომ რამდენი წილი დაიტოვა. სააგენტო საკმაოდ დიდ წილს იტოვებდა 2012-შიც, 2013-შიც, 2017-შიც და 2030 წელსაც დაიტოვებს სააგენტო წილს“,- ამბობს ჯანგირაშვილი.
მას ასევე არ სჯერა მარეგულირებლის განცხადების, რომ მათ რეკლამის ყველა დამკვეთისგან ინფორმაცია დამოუკიდებლად გამოითხოვეს და ეს მონაცემები ტელეკომპანიების მიერ დეკლარირებულ სარეკლამო შემოსავლებს შეადარეს.
"შეუძლებელია, რომ სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ყველა კომპანიისგან გამოითხოვო დეტალური ინფორმაცია. არცერთი კომპანია არ მოგცემს ასეთ ჩაშლილ ინფორმაციას, რამდენი დახაჯრა ტელევიზიაში, რადიოში და ა.შ.",- აცხადებს ჯანგირაშვილი.