კომპანიამ TeliaSonera რომელიც საქართველოში Geocell-ის წილს ფლობს, ევრაზიის ბაზრის დატოვების შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ განაცხადა. მაშინ მყიდველად თურქული Turkcell დასახელდა. ორივე კომპანია Turkcell-იც და "თელიასონერაც" კომპანია Fintur–ის მფლობელები არიან და მის 41 და 59 პროცენტს ინაწილებენ. სწორედ Fintur-ში თელიასონერას 59% წილის შეძენას გეგმავდა თურქული ოპერატორი, თუმცა როგორც "ბიზნესკონტრაქტისთვის" ცნობილი ხდება, ამჯერად Fintur-ში დეინვესტირებას თელიასონერასთან ერთად, Turkcell-იც გეგმავს.
თავად თელიასონერას ევრაზიის რეგიონის დატოვება არ გადაუფიქრებია და როგორც აღმოჩნდა ჯეოსელის და რეგიონის სხვა ქვეყნების მობილური ოპერატორბის ახალ მფლობელს შეთავაზებას თელიასონერა და turkcell ერთობლივად გაუკეთებენ.
კომპანია ჯეოსელის გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი ჩვენთან საუბარში ვერ ასახელებს თუ ვინ იქნება კომპანიის ახალი მფლობელი, თუმცა ამბობს, რომ პოტენციური მყიდველებისთვის კომპანიას შეთავაზებები უკვე აქვს და არაერთი მათგანისგან წილის ყიდვის სურვილიც გამოითქვა.
"შესაძლო ტრანზაქციის გაანალიზების შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა და ორივე აქციონერი თელიასონერაც და თურქსელიც ფინტურში დეინვესტირების რეჟიმში გადავიდნენ. როგორ განვითარდება მოვლენები ამის პროგნოზირება ძნელია. ახლა ორივე კომპანია ეძებს ახალ აქცონერს.
მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა კომპანიის პრეზენტაცია პოტენციური მყიდველებისთვის. ფაქტი, რომ ორივე კომპანიამ აქციების გაყიდვა გადაწყვიტა, ნიშნავს რომ ჩვენ ფინტურის 100%-ის სხვა ინვესტორის მხრიდან შესყიდვის შესაძლებლობას განვიხილავთ. ეს ჩემი აზრით სიტუაციის ხელახლა შეფასებას მოითხოვს", - ამბობს ჯეოსელის გენერალური დირექტორი „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას.
კომპანია ჯეოსელის დირექტორი თელიასონერას მხრიდან ევრაზიის ბაზრის დატოვების მიზეზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ არცერთი მათგანი საქართველოს ბაზარს არ უკავშირდება. პაველ სმალინსკი თვლის, რომ საქართველოში არსებული სტანდარტები საკმაოდ მაღალია და ის ევროპულ ქვეყნებს არ ჩამოუვარდება.
"თელიასონერამ ღიად თქვა იმ შეცდომების შესახებ, რომელიც ბაზარზე შემოსვლისას დაუშვა. საქართველო ევრაზიის ბაზრის ნაწილია, თუმცა არცერთი შეცდომა მას არ უკავშირდება. საქართველოს აქვს სტანდარტები რომელიც ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანასაც კი არ აქვს.
თელიასონერას გადაწყვეტილება სტრატეგიის ნაწილი იყო. იყო თუ არა ეს შეცდომა ამას აქციონერები თავად გაანალიზებენ", - ამბობს კომპანიის დირექტორი.
საქართველსო ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, კი პარტნიორებს შორის წილების ცვლილება ბაზარზე კონკურენციის თვლსაზრისით სიტუაციას არ შეცვლის. მისივე თქმით, მარეგულირებელს აქტიური კომუნიკაცია აქვს როგორც ჯეოსელთან ასევე თელიასონერასთან, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თუ როგორ დასრულდება მოლაპარაკებები „თურქსელსა“ და შვედურ ოპერატორს შორის.
"მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ამჯერად მიმდინარეობს თელიასონერასა და მის პარტნიორ კოპმპანი თურქსელს შორის მოლაპარაკებები. იმედია რომ უახლოეს მომავალში ეს მოლაპარაკებები შედგენა და გაირკვევა ვინ ჩაანაცვლებვს მის წილებს", - ამბობს აბაშიძე.