ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო ნაძალადევის რაიონში, ურდიას ქუჩაზე N183-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მმ-იანი გვირაბული წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღდგენის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
"ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით მიმდინარეობს, რადგან დაზიანება სამანქანო გზაზეა და ავტოსატრანსპორტო მოძრაობის ორმხრივ შეფერხებას იწვევს. ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისაგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 6 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან ხვალ, 7 თებერვლის, დილის, 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: მუხრანის და ჟორდანიას ქუჩებს და შესახვევებს; თიანეთის, გლინკას, შენგელაიას, ბოგვის, ლიახვის, ურდიას და მიმდებარე ქუჩებს; ჩუღურეთის რაიონში: ხუდადოვის N137-ის სამხედრო კორპუსებს; რეხის ქუჩებს; ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, დავითაშვილის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებს; ისნის რაიონში: თელავის ქუჩის ნაწილს; წინანდლის ქუჩას და შესახვევებს; სამრეკლოს, მესხიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; ნავთლუღის I დასახლების ქუჩებს. ვაზისუბნის დასახლებას მთლიანად; მეტრომშენის დასახლებას და მოსკოვის გამზირს; წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია აღნიშნულ ქუჩებს და დასახლებებს წყალს ცისტერნით მიაწვდის",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.