ბიზნესმენის თემურ ჭყონიას განცხადებით, საქართველოში თანმიმდევრული პოლიტიკის დეფიციტია და ინვესტორებს თავდაჯერებულობა აკლიათ, -„თავდაჯერებულობა იმ კუთხით, რომ მათ არ აქვთ განცდა, რომ ხვალ ან ზეგ მათ მიწას არ წაართმევენ, ამიტომაცაა დღეს ბევრი მიწა მიძინებულია“.
"იჯარა ცუდი არაა, თუმცა თუ 50 წლიან იჯარას უფორმებ ინვესტორს, მას ჩვენი უნდა სჯეროდეს, მაგრამ, ჩვენ ხომ თანმიმდევრული პოლიტიკა არ გვაქვს. ერთი პოლიტიკოსი მოდის, შემდეგ მეორე და ის მეორე იმას არ აგრძელებს, რასაც მისი წინამორბედი აკეთებდა. შემდეგ კი ყველაფერი იწყება ნულიდან.
25 წელი ვუყურებ ამას და ყველა ცვლილება ნულიდანაა დაწყებული. როგორ შეიძლება სულ ნულიდან იწყებდე. ჩვენ მივდივართ რაღაც ეტაპზე და შემდეგ უკან ვბრუნდებით.
ჩვენი პოლიტიკური განათლება არის წინა პოლიტიკის გინება“, - აცხადებს ბიზნესმენი.
მისივე თქმით, არ შეიძლება ქვეყანა მუდმივ რეფორმებში იყოს და ყველა საკითხზე გაუთავებელი მსჯელობა მიდიოდეს. ამასთან, ბიზნესმენს მიაჩნია, რომ ქართველები ყველაფერს ნაციონალური კუთხით უდგებიან, ხოლო ნაციონალობას კი ბიზნესში მნიშვნელობა არ აქვს.
"ახლა მინდა სასომხეთში ავაშენო მაკდონალდი, სომეხმა ხალხმა რომ მითხრას არ ააშენო ეს სწორი იქნება? ნაციონალური მიდგომა არაფერში სარგებელს არ მოგვიტანს ესაა ორთოდოქსალური მიდგომა. საზოგადოება და ქვეყანა უნდა იყოს ღია. ჩვენ ყველაფერს ვუდგებით ნაციონალური კუთხით, ხინკალია ეს თუ მწვადი. ნაციონალიზმით ეკონომიკა არ შენდება - რა ვქნა სულ ამას ვამბობ. პოლიტიკოსები რომლებიც ამაზე მსჯელობენ ეს საკითხი არ აღელვებთ, ისინი ემოციურად უდგებიან საკითხებს, მათ აინტერესებთ თვითონ როგორ აირჩევენ და ამით ცხოვრობენ“, - ამბობს ჭყონია.