Home
Category
TV Live Menu

"ტენდერებში გამარჯვებულის გამოვლენა ფასის და ხარისხის სინთეზის გათვალისწინებით მოხდება"

57a6ec67ab111
BM.GE
07.08.16 12:07
1266
საქართველოში ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების წესი ამოქმედდა. შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ახალი მეთოდი ორდინალური ტენდერებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში პრეტენდენტთა რიგითობის განსაზღვრისთვის გადამწყვეტი აღარ იქნება მხოლოდ სატენდერო წინადადების ფასი, - საუკეთესო სატენდერო წინადადების პრეტენდენტი ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით გამოვლინდება. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების წესზე “ბიზნესკონტრაქტთან“ სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ზაზა ნანობაშვილი საუბრობს.

- ბატონო ზაზა, რით იქნება აღნიშნული ტენდერი ჩვეულებრივი ორდინალური ტენდირებისგან განსხვავებული?

- გამარჯვებულის გამოვლენის ერთადერთი კრიტერიუმი ფასი აღარ იქნება. გამარჯვებულის გამოვლენის კუთხით განმსაზღვრელი ფასის და ხარისხის სინთეზირება იქნება. გამარჯვებული გამოვლენა მხოლოდ ფასის კრიტერიუმის მიხედვით, გარკვეულ ხარვეზებს შეიცავდა, ბიზნესმენს არ ჰქონდა მოტივაცია, რომ მას კიდევ უფრო გაუმჯობესებული პარამეტრების საქონელი და უკეთესი სერვისი შეეთავაზებინა. თუ ის მინიმალურ დონეზე დააკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციას და იმავდროულად დაბალ ფასს შესთავაზებდა, ეს გამარჯვების საწინდარი იყო. დღეს აღნიშნული საკითხისადმი მიდგომა და ფილოსოფია მთლიანად შევცვალეთ, რადგან გამარჯვებულის გამოვლენა უკვე ფასის და ხარისხის სინთეზის გათვალისწინებით მოხდება.

- რა გაუმჯობესდება კონკრეტულად ბიზნესმენისთვის და რა სახის იმპულსები მოდის მათი მხრიდან?

- ჩვენ ბიზნესთან კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში გვაქვს და მათი მხრიდან საკმაოდ დადებითი რეზონანსია საკითხთან დაკავშირებით. მათ უკვე უჩნდებათ არსებითი მექანიზმები იმისა, რომ კიდევ მეტი უკეთესი წინადადება წარმოადგინონ.

- შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის გამოსავლენად რა სახის მექანიზმები და პრევენციული ბერკეტები გაგვაჩნია?

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მუდმივი ამოცანაა პერმანენტულ რეჟიმში მონიტორინგის განხორციელება. გასულ წელს მაგალითად, 101 სამართალდარღვევათა ოქმი შედგა. მიმდინარე წლის 7 თვეში კი 60-მდე სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი, რეპრესიული მექანიზმების გამოყენების გზით სამართალდარღვევათა აღკვეთა არაა. სატენდერო პირობების დარღვევა დიდწილად კომპეტენციის არ ქონით არის განპირობებული. საბიუჯეტო რეფორმის შედეგად, არაერთი შემსყიდველი ორგანიზაცია შეიქმნა და ცხადია მათ შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები არ ყავდათ. 2014 წლიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სასწავლო ცენტრი შეიქმნა, სადაც გადამზადება ხდება და დღემდე 1200-ზე მეტი მსმენელი გადამზადდა. ქვეყანაში 4750 შემსყიდველი ორგანიზაცია არსებობს და იქ უამრავი შემსყიდველია დასაქმებული.

-ძირითადი პრობლემური საკითხები, რაც ბიზნესის მხრიდან მომდინარეობს შემდეგია: შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ანგარიშსწორება, შავ სიაში მოხვედრილი კომპანიების დამფუძნებლების ახალ კომპანიაში კონკურენცია და ფასწარმოქმნის ადეკვატურობასთან დაკავშირებული საკითხები. რა ნაბიჯები იდგმება აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად?

- უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მთელი რიგი რეფორმები განახორციელა. ბიზნესთან იტერაცია მუდმივ რეჟიმში ხორციელდება და სწორედ მათი საჭიროებების, შენიშვნებისა და საქმიანი წინადადებების გათვალისწინებით, ჩვენი სააგენტო მუდმივად ცდილობს ბიზნესი მთელი რიგი ნოვაციებით გაანებივროს.

ცალკეულ შემთხვევებში ჭიანურდებოდა თანხის გადახდევინება, რაც ბიზნესს სახელმწიფოსაგან მისაღები თანხების მიზანმიმართებით გამოყენების შესაძლებლობას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ, სააგენტომ დაახლოებით ერთი თვეა რეკომენდაცია შეიმუშავა და იგი ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსდა, რომლის შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, არა უგვიანეს ათი დღისა უნდა მოხდეს ბიზნესთან ანგარიშსწორება. ეს საკმაოდ შემჭიდროვებული ვადაა, რაც ბიზნესს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ რეინვესტირება მოახდინოს, ახალი სამუშაო ადგილები შექმნას და მაქსიმალურად უზრუნველყოს საკუთარი სახსრების შეხედულებისამებრ განკარგვა.

შავ სიას რაც შეეხება, დასამალი არ არის, რომ ცალკეული არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენები სხვადასხვა მაქინაციების გზით იმ პირობების დარღვევას ცდილობენ, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციით, აუცილებელი შესავსები დოკუმენტის რიცხვს განეკუთვნება. ასევე სხვა ისეთ ქმედებებს ჩადიან, რომლებიც კანონმდებლობით იკრძალება. ჩვენი სააგენტო სადარაჯოზე დგას და არაერთი კომპანია დარეგისტრირდა შავ სიაში, თუმცა გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობთ ძირფესვიანად შევისწავლოთ თითოეული ქეისი. შაბლონურად არ ხდება ამა თუ იმ კომპანიის შავ სიაში შეყვანა. მთავარი მენტალობის შეცვლაა, როგორც ბიზნესისათვის, ისე შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის.

ფასწარმოქმნის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენმა კვლევებმა ცალკეულ შემთხვევებში აჩვენა, რომ ხშირი იყო გაუმართლებელი ფასებით შესვლა ტენდერებში, ვინაიდან მათ უკან არ იმალებოდა მათი შესრულების რეალური საფუძველი. კომპანიები გაუმართლებლად დაბალ ფასს დებდნენ. სწორედ ამიტომ შესყიდვების სააგენტომ გაანალიზა არსებული პრაქტიკა და კომპანიებს მოსთხოვა 20 და მეტი პროცენტით ფასდაკლების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინონ.

Subscribe to our news

Get the main news of the day