Home
Category
TV Live Menu

ტექნოლოგია და პერსონალური მონაცემები - როგორ ვმართოთ Google-ის ანგარიში და აქტივობები

59a95c8d6415b
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი
02.09.17 10:00
973
Google-ის ანგარიშზე შესვლის მომენტიდან მისი სერვისების საშუალებით განხორციელებული თქვენი ნებისმიერი აქტივობა შესაძლებელია განუსაზღვრელი ვადით ინახებოდეს. მათ შორის: რას ეძებდით, რომელ ვიდეოს უყურეთ, რა დროს სად იმყოფებოდით, მობილურით შეხვედით ინტერნეტში თუ პერსონალური კომპიუტერით, თქვენი კონტაქტები, კალენდარი და სხვა. აქტივობები შეიძლება ინახებოდეს მაშინაც, როდესაც ინტერნეტში არ ხართ და გუგლის სერვერებზე იგზავნებოდეს ინტერნეტთან დაკავშირების შემდეგ.

ამ ინფორმაციას Google ერთი მხრივ კარგი სერვისის და პროდუქტების მოსაწოდებლად იყენებს, მეორე მხრივ კი, შესაძლოა გამოიყენოს ყველა იმ მიზნისთვის, რაზეც ჩვენს პირველ სტატიაში ვისაუბრეთ. აქტივობების კონტროლი ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ თავად გადაწყვიტოთ, რა ინახებოდეს თქვენს ანგარიშზე და რა - არა.

რა აქტივობები ინახება ჩემს ანგარიშზე?

თუ შესაბამისი ფუნქცია გამორთული არ გაქვთ, Google-ის ანგარიშზე ინახება ყველაფერი, რასაც აკეთებთ მაშინ, როცა ანგარიშზე ხართ შესული (logged in). მათ შორისაა:
ვებ და აპლიკაციების გამოყენების ისტორია რა „დაგუგლეთ“, რა სიხშირით და რა დროს, რომელ საიტზე გადახვედით, რამდენჯერ, რომელი მოწყობილობიდან, და ა.შ. ეს, ერთი მხრივ, გეხმარებათ ძებნის სწრაფი და თქვენზე მორგებული შედეგების, გაუმჯობესებული პროდუქტებისა და სერვისების მიღებაში. მეორე მხრივ კი, საშუალებას აძლევს Google-ს ფლობდეს ინფორმაციას თქვენი ინტერესების, გემოვნების, სასურველი ლოკაციების, და ბევრი სხვა ინტერესის შესახებ.

ადგილმდებარეობის ისტორია 

ადგილმდებარეობის ისტორია მოიცავს ყველა იმ ადგილს, რომელიც Google-ის ანგარიშთან დაკავშირებული მოწყობილობით (signed-in device) მოინახულეთ. უფრო მარტივად, თუ ჯიბეში Google-ის ანგარიშში შესული ტელეფონი გიდევთ, ის იმახსოვრებს ყველა თქვენს გადაადგილებას, მგზავრობის საწყის და საბოლოო წერტილს, იმას, მანქანით იმგზავრეთ, თუ ფეხით იარეთ, და „პირად რუკასაც“ კი ადგენს. თქვენს პირად რუკაზე საკუთარი მარშრუტების მოძებნა თარიღის მიხედვითაც შეგიძლიათ.

ადგილმდებარეობის ისტორია, ერთი მხრივ, ეხმარება გუგლს გააუმჯობესოს სხვადასხვა მომსახურება (მათ შორის მოგინიშნოთ ხშირი მარშრუტები Google map-ზე, მოგაწოდოთ ინფორმაცია გზების გადატვირთულობის შესახებ და ა.შ.), მეორე მხრივ კი, აძლევს მას შესაძლებლობას გამოიყენოს ეს ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული სხვა მიზნებისთვისაც (მაგალითად გაუზიაროს მესამე პირებს, გამოიყენოს რეკლამის პერსონალიზებისთვის და სხვა)

Youtube-ის ძებნისა და ნახვების ისტორია

რას ეძებდით Youtube-ზე, რას უყურეთ, როდის, რომელ საათზე და რამდენი ხნით. ამ ინფორმაციას Google იყენებს თქვენს ინტერესებზე მორგებული რეკომენდაციებისა და შემოთავაზებებისთვის, გიადვილებთ უკვე ნანახი ვიდეოების მოძიების პროცესს. ამავე დროს კი აანალიზებს თქვენს გემოვნებას, ინტერესებს და შესაძლოა ეს მონაცემები რეკლამის შეთავაზებისას გამოიყენოს.

ხმოვანი და აუდიო აქტივობა

Google ამბობს, რომ იწერს და ინახავს ყველა ხმოვან ძებნას თუ სხვა ბრძანებას, რაც თქვენ „OK, Google“ ფრაზის, ან მიკროფონის გამოსახულებიან ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ წარმოთქვით. კომპანიის თქმით, ეს იმისთვის კეთდება, რომ სისტემამ თქვენი ხმა უკეთ იცნოს და, შესაბამისად, გააუმჯობესოს მომსახურება. ამავე დროს, ბოლო ერთი წელია პრესაში წერენ იმის შესახებ, რომ Google შესაძლოა არა მარტო ხმოვანი ძიებისას გაჟღერებულ ფრაზებს, არამედ მოწყობილობის სიახლოვეს მიმდინარე ნებისმიერ საუბარს იწერდეს. (მაშინაც კი, როდესაც არაფერს ეძებთ).

ინფორმაცია ელექტრონული მოწყობილობების შესახებ

Google ინახავს ინფორმაციას იმ ელექტრონული მოწყობილობების შესახებ, რომლითაც Google-ის საკუთარ ანგარიშზე შედიხართ. ეს კატეგორია მოიცავს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა ინფორმაცია უშუალოდ მოწყობილობის შესახებ (მაგალითად, ელემენტის დონე, ინტერნეტისა და ბლუთუზ კავშირის ხარისხი და სხვა). ასევე, თქვენი კონტაქტების სია (სახელები, გვარები, ტელეფონის ნომრები, ელ. ფოსტის მისამართები და ა.შ.), კალენდარი, აპლიკაციები, მუსიკა და სხვა.

როგორ ვმართოთ Google-ის აქტივობები?

„Google“ შესაძლებლობას გაძლევთ, გადაწყვიტოთ, რომელი აქტივობები შეინახოთ თქვენს ანგარიშზე და რომელი - არა. თითოეული კატეგორიისთვის შექმნილია როგორც შენახვის შეჩერების, ისე - უკვე შენახულის წაშლის მექანიზმები. იმისთვის, რომ უკვე არსებული მონაცემები წაშალოთ, პირველ რიგში Google-ის ანგარიშზე უნდა შეხვიდეთ:

შემდეგ კი გადახვიდეთ თქვენი აქტივობების განყოფილებაში:

„აქტივობების მართვის“ განყოფილებაში თქვენ შეძლებთ შეამოწმოთ ჩანაწერები და აქტივობების ისტორია მონაცემთა თითოეული კატეგორიისათვის. აქ ნახავთ რას ეძებდით YouTube-ზე და როდის, რა დაგუგლეთ დღეს, რამდენი ხმოვანი ჩანაწერი გააკეთეთ გუშინ, სად იმყოფებოდით ერთი წლის წინ. შეძლებთ, გადაამოწმოთ თითოეული ჩანაწერი და სურვილის შემთხვევაში, წაშალოთ ყველა მათგანი.

შესაძლებელია კონკრეტული პერიოდის ჩანაწერების წაშლაც. ამისათვის, პირველ რიგში, ვირჩევთ პერიოდს ხოლო შემდგომ ვირჩევთ „ძიების შედეგების წაშლას“, რაც საშუალებას იძლევა წაიშალოს მთლიანად ამ პერიოდის მონაცემები.

როდესაც მონაცემებს წაშლით, ისინი სამუდამოდ ქრება თქვენი Google ანგარიშიდან. თუმცა კომპანია არ მალავს, რომ სერვისთან დაკავშირებულ ზოგიერთ ინფორმაციას მაინც ინახავს.

საკუთარი ანგარიშის მართვის კიდევ ერთი საშუალებაა Google Dashboard, სადაც თავმოყრილი და სერვისების მიხედვით დახარისხებულია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამ მომენტისთვის თქვენს ანგარიშზე ინახება. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ თითოეულ მათგანში და მართოთ სურვილის შესაბამისად. ამავე გვერდზე შეგიძლიათ ჩართოთ ყოველთვიური შეხსენების გამოგზავნაც, რომ არ დაგავიწყდეთ აქტივობების გაკონტროლება.

Google, ასევე, საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ, თუ რა თემებზე გირჩევნიათ რეკლამის მიღება. (ამისთვის სპეციალური გვერდი არსებობს) ან პირდაპირ გამორთოთ რეკლამის პერსონალიზება.

ნებისმიერი ფუნქციის გააქტიურების ან შეჩერებისას, Google აუცილებლად გაგაფრთხილებთ რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ აქტივობის გამორთვას და რა მომსახურებებზე მოგიწევთ უარის თქმა ფუნქციის შეჩერების სანაცვლოდ, ამის შემდეგ კი გადაწყვეტილება უკვე თქვენი მისაღებია.

Subscribe to our news

Get the main news of the day