დეველოპერული კომპანია "ტერასა ჯგუფი" მწვანესახურავიან კორპუსებს ააშენებს. პირველი პროექტი, რომელიც ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარეობს, უკვე დასკვნით ეტაპზეა.
როგორც "საქმის კურსს" კომპანიაში განუცხადეს, მწვანე საფარი სახურავებზე მათს ყველა პროექტში იქნება გამოყენებული.
"კომპანიამ შეიმუშავა კონცეფცია, რომლითაც ყველა მის არსებულ და დაგეგმილ მშენებლობაზე, ზედა სართულის სრული სივრცე დაეთმობა დამატებით გამწვანების ზონას.
ეს არის ევროპაში უკვე კარგად აპრობირებული და დანერგილი მწვანე არქიტექტურის ტენდენცია, რომელიც იძლევა საშუალებას შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა",- აცხადებენ კომპანიაში.
როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ნანა შენგელია ამბობს, ახალი პროექტები უკვე დაგეგმილია, თუმცა, დეტალების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებენ.
კომპანიის პირველი პროექტი, სადაც მწვანე საფარი მოეწყობა, 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლია.
კომპანია ბაზარზე 2015 წელს Salvus Development-ის სახელით შემოვიდა, თუმცა, როგორც კომპანიაში განმარტავენ, შემდგომ მოხდა გუნდის გაყოფა და 2017 წელს ერთმა ნაწილმა "ტერასა ჯგუფის" სახელით გააგრძელა ოპერირება.