მიმდინარე წლის III კვარტალში ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla ბაზარზე სულ რაღაც 260 Model 3 გამოუშვა, მაშინ, როდესაც კომპანიის მიზანს III კვარტალში 1500 Model 3-ის გამოშვება წარმოადგენდა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ კომპანიის შედეგები გეგმას საკმაოდ ჩამორჩება.
MarketWatch-ის ინფორმაციით, თავდაპირველ გეგმებთან შედარებით ეს მნიშვნელოვანი შეფერხებაა და ამან შესაძლოა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე ილონ მასკზე დამატებითი ზეწოლა მოახდინოს.
Tesla-ს ისტორიაში მიმდინარე წლის III კვარტალი ყველაზე ცუდია. კომპანიის ზარალმა ივლის-სექტემბერში 619 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც მოგება 22 მილიონი აშშ დოლარი იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
ზარალმა ერთ აქციაზე 2.92 აშშ დოლარი შეადგინა, რაც Thomson Reuters-ის ანალიტიკოსების პროგნოზთან შედარებით (2.28 აშშ დოლარი) მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია. Model X-ის გაყიდვების 36%-იანმა ზრდამ ავტომწარმოებლის ამონაგები III კვარტალში 30%-ით 2,98 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რამაც ექსპერტების მოლოდინს (2.95 მილიარდი აშშ დოლარი) გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ Tesla Motors-მა გასული წლის IV კვარტალიც ზარალით დაასრულა. 2015 წელს კომპანიის ფინანსურმა ზარალმა რეკორდულ მაჩვენებელს 900 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა, წაგების მიუხედავად, ილონ მასკის კორპორაცია მთავრობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.