THE FINANCIAL-ის ორგანიზებით, თბილისში ბიზნეს-ფორუმი “ამერიკული ბიზნესი საქართველოში” გაიმართა. ღონისძიება მხარდაჭერილია ამერიკის სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ.
ფორუმის მიზანია საქართველო-აშშ-ს სავაჭრო ურთიეთობის წახალისება, საქართველოს საინვესტიციო ბაზრის პოპულარიზაცია, დასავლური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.
ფორუმზე მონაწილეებმა გამართეს დისკუსია საქართველოში და დასავლეთში შექმნილ ახალ რეალობაზე. კერძოდ, არჩევნების შემდეგ, ბიზნესში და სავაჭრო ურთიერთობებში მოსალოდნელ ცვლილებებზე, მათ შორის საკანონმდებლო და პოლიტიკურ.
როგორც გაზეთ Financial-ის დირექტორმა ზვიად ფოჩხუამ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, გასულ წელს ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა საგადასახადო ადმინისტრირების საკითხები იყო, რადგან ამ კუთხით ბიზნესის მხრიდან არაერთი პრეტენზია იყო დაფიქსირებული, კერძოდ ქონების დაყადაყებასთან დაკავშირებით. მისი თქმით მიმდინარე წელს ამ კუთხით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა სხვადასხვა საწარმოებში პრობლემები კვლავ რჩება.
„ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირის საკითხებს, რადგან მნიშვნელოვანი საკითხი დღეს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაა. კერძოდ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით ინვესტიციების მოსაზიდად, არა მხოლოდ ამერიკიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ეს საკითხები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ასოცირების ხელშეკურლების გაფორმებისა და კარს მომდგარი უვიზო რეჟიმის ფონზე“, - ამბობს ფოჩხუა.