შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თორნიკე ყაზარაშვილის ინფორმაციით, წლის ბოლოს ქარის სადგური მოგებაზე გავა.
როგორც ყაზარაშვილმა „საქმის კურსს“ განუცხადა, დღევანდელი გათვლებით, წლის ბოლოს კომპანიის შემოსავალი 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნება, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხის მომსახურებას, ასევე საოპერაციო ხარჯებს მოხმარდება და მოგების სახით თანხაც დარჩება.
EBRD-ის სესხია 22 მლნ აშშ დოლარი. ყოველ წელს ხდება სესხის დაფარვა და გარკვეულწილად, მოგებაზეც გადის წლის ბოლოს კომპანია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახლა დაიწყო პროექტი“, - აღნიშნა ყაზარაშვილმა.
რაც შეეხება პროექტის ხარჯების სრულად დაფარვას, სესხის ჩათვლით, ეს ხელმძღვანელობის ვარაუდით, 7 წლის შემდეგ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ქარის სადგურის მიერ გამომუშავებულ 1 კვტ/სთ ელექტროენერგიას ენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორი 6.89 ცენტად ყიდულობს. ივნისის მონაცემებით, ქარის ელექტროსადგურის მიერ წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტროგენერაციამ 8 762 000 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 1 562 000 კილოვატ საათით აღემატება ივნისის თვის პროგნოზს. ამასთანავე, სადგურის მიერ ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია 53 600 000 კილოვატ საათს შეადგენს.